8 მარტი, მოშიმშილე ექიმები, წითელა და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 8 მარტს საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენებსა და ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს დღეს საქართველოში. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა და ქართულ ბაზარზე არსებულმა რამდენიმე კომპანიამ მომხმარებლებს ფასდაკლებები შესთავაზა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, თბილისის ქუჩებში მოსიარულე პატრულები, რომლებიც ქალბატონებს ყვავილებს ჩუქნიდნენ.
შალვა ნათელაშვილის განცხადებები - „ქვეყნის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ახალი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების პოლიტიკას. მიუღებელია, როდესაც პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს რეფორმატორს უწოდებს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება თვეში სამჯერ გასცემს პრემიებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, რის გამოც ხალხი ზარალდება,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში.
საქართველოში, დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი შემოვიდა თურქეთიდან, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. შემოსავლების სამსახურის სანიტარიული სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, კარტოფილის კიბოსა და საკარანტინო მიკროორგანიზმების არსებობაზე მიუთითეს, რომელიც ლაბორატორიის დადასტურდა. კანონის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.
წითელას ეპიდემია - ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა - 25, თბილისში აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამის მიზეზად უწყებაში 2008 წელს იმუნიზაციის პროგრამის ჩავადრდნას ასახელებენ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სავალდებულო აცრებით არ დაინტერესდა.
საპროტესტო აქცია ზუგდიდში - 50-მდე გარე მოვაჭრე ქალბატონი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით, ბაზარში მათ ადგილები გამოუყვეს, თუმცა იქ მომუშვეებთან უკმაყოფილება აქვთ.
ექიმების შიმშილობა - სასწრაფო სამედიცინო დამხრების ცენტრის 4 ექიმი 2 დღეა შიმშილობს. მედიკოსები საკუთარ ხელმძღვანელს უპირისპირდებიან და სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. მოშიმშილეები ამტკიცებენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათი განსხვავებული და ღიად დაფიქსირებული პოზიცია გახდა.
ევროპარლამენტის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი გამოუგზავნეს: "ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ღია წერილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოში შექმნილ მაქსიმალურად რთულ ვითარებაზე მიუთითებს. თუ თქვენი ძალისხმევა გამოიწვევს აშკარა დემოკრატიისგან უკუსვლის გაღრმავებას, საქართველო უკან დაიხევს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და მას წაერთმევა ევროპული პერსპექტივა. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპის კარს დაუხურავს. თუ საქართველო ევროკავშირის პარტნიორი უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიზიაროთ და შევასრულოთ საერთო ძირითადი პრინციპები. ქართული დემოკრატიის მარცხი მხოლოდ მათთვის იქნება მისასალმებელი, ვინც ევროპაში კანონის უზენაესობასა და თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ნათელია, რომ ზეწოლა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე, გამოცხადებული და მუდმივი ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე აგრესიული რიტორიკა და ბრბოს გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებთან დასაპირისპირებლად, ასევე უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის ხშირი გამოყენება, საქართველოს ევროპულ ოცნებას აშორებს. რა ელოდება მათ, ვინც ევროპას ირჩევს? - ესეც ასევე თქვენი რიტორიკული შეკითხვაა და პასუხი - აღშფოთებული მასის შესაბამისი შეფასება. მიუღებელია მაღალჩინოსნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობისკენ მოწოდება. აგრესიული კამპანია - აიძულოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები, შეიცვალონ პოზიცია შანტაჟითა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით, არა მხოლოდ რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანის უფლებებსაც. მოგიწოდებთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, არ გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, რათა არ დაასამაროთ საქართველოს ევროპული მომავალი", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის პარლამენტის წევრები.
ილია მეორემ საპატრიარქოში უსინათლოები მიიღო. როგორც უწმინდესმა შეხვედრისას ბრძანა, უსინათლოები გაცილებით მეტს ხედავენ, ვიდრე ისინი, ვინც ფიზიკურად ხედავენ. "ყველაზე ბედნიერი თქვენ ბრძანდებით, რადგან თქვენ ვერ ხედავთ ამ რეალობას, როცა ადამიანი კეთილსა და ბოროტს ვეღარ არჩევს. თქვენ ვერ ხედავთ ამ რეალობას, მაგრამ თქვენ ხედავთ სულს. თქვენ უფრო მეტს ხედავთ, ვიდრე სხვები, ვინც ფიზიკურად ხედავს. ამიტომ ყველაზე ბედნიერი თქვენ ბრძანდებით", - ბრძანა პატრიარქმა.
ქართულ საბრძოლო მანქანას ავღანეთში თავს დაესხნენ - თალიბების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ჰელმანდის პროვინციის ერთ-ერთ რაიონში, კერძოდ, ნავზადში თავს დაესხნენ სამ საბრძოლო ბრონირებულ მანქანას, რომელთაგან ერთ-ერთი ქართული იყო. ქართულ მხარეს მომხდართან დაკავსირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარი