მკვლელობისთვის ბრალდებული ვოლოგდის კოლონიიდან ვერტმფრენზე ჩამოკიდებული გაიქცა
ვოლოგდის ოლქის ერთ-ერთი კოლონიიდან 22 მარტს გაქცეული ალექსანდრე შესტაკოვი, მართალია, იმავე დღეს, თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს, მაგრამ რუსული და საბჭოთა კოლონიებიდან გაქცევების ისტორიაში მის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული გაქცევა, ალბათ, დიდხანს დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მახვილგონივრული გეგმის ხორცშესხმა.
უკვე გარკვეულია, რომ თანამზრახველებს შეტსაკოვი 2 მილიონ რუბლს დაჰპირდა ჯილდოს სახით, თუ ისინი გაქცევის ორგანიზებაში დაეხმარებოდნენ. საიდან ჰქონდა მკვლელობისთვის ბრალდებულს ამდენი ფული, ჯერ ვერ გაურკვევიათ.
საგამოძიებო კომიტეტის მიერ წარმოებული დაკითხვების შედეგად დადგინდა, რომ შესტაკოვი დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე დაკავდა გაქცევის ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით. მაგალითად, მან კოლონიიდან 6 სხვადასხვა ნომრით ისარგებლა და დაჯავშნა ვერტმფრენი (პატიმარმა მი-8 მოდელის მი-2 აირჩია), შემდეგ შეარჩია ბაზა, სადაც მისი თანამოაზრეები იარაღით შესვლას შეძლებდნენ და იმაზეც კი იზრუნა, რომ ვერტმფრენის დასაფრენი ტერიტორია თოვლისგან გაეწმინდათ.
შექსნეში მდებარე კოლონიიდან გაქცევა 22 მარტს მოხდა. შესტაკოვის ორი თანამოაზრე, 35 წლის, ადრე ნარკოტიკების გასაღებისთვის მსჯავრდებული ტატიანა ვაჟალინა და 36 წლის, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე რუსაკოვი ვოლოგდის ავიასაწარმოს ვერტმფრენში „ირმას“ ბაზაზე ჩასხდნენ. უკვე ჰაერში ისინი პილოტს იარაღით დაემუქრნენ და აიძულეს იგი, შექსნეში გაფრენილიყო და მე-17 შრომა-გასწორების კოლონიის თავზე დაბალ სიმაღლეზე დაშვებულიყო. შესტაკოვი ტროსზე მიმაგრებულ მსხვილ ჯოხს ჩაეჭიდა, რომელიც ვეტრმფრენიდან გადმოუგდეს. როგორც კი კოლონიის მიმდებარე ტერიტორიას გასცდა, ვერტმფრენი დაჯდა, რათა პატიმარს კაბინაში ასვლის საშუალება მისცემოდა, შემდეგ კი ვოლოგდისკენ გაემართა, სადაც გამტაცებლები ჩამოსხდნენ და მიიმალნენ.
შესტაკოვი იმავე დღეს, მოგვიანებით აიყვანეს. მისი აყვანიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა თანამოაზრეებიც დაპატიმრეს. რუსაკოვს აღმოაჩნდა ვიქტორ ზელინსკის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი, რომლითაც მონაწილეობდა გაქცევის ორგანიზებაში. სწორედ ამ სახელით შეიძინა მან სიმ-ბარათი, რომელზე დაფიქსირებული ნომრითაც პატიმარს ესაუბრებოდა, როცა ის კოლონიიდან ურეკავდა და დეტალებზე უთანხმდებოდა.
კომენტარი