აფეთქებების სერია სოჭსა და მახაჩყალაში
ერთი ადამიანი დაშავდა 15 აპრილს, საღამოს ათი საათისთვის მომხდარი აფეთქების შედეგად ქალაქ სოჭის ცენტრში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიასთან, ხოლო მახაჩყალაში მომხდარი აფეთქების დროს ორი ადამიანი დაიჭრა და ერთი გარდაიცვალა.
სოჭის ცენტრში მდებარე მაღაზიასთან საგანგებოდ დამაგრებული ხელყუმბარა ამოქმედდა. შემთხვევა ცენტრალურ რაიონში, დონის ქუჩაზე მოხდა და აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიის შენობებში ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. რუსი სამართალდამცველები იტყობინებიან, რომ აფეთქება 200 გრამი ტროტილის სიმძლავრის იყო და გამვლელი მამაკაცი ფეხში დაიჭრა: მას ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა.
თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების დრო მახაჩყალაში თითქმის ემთხვევა სოჭსი მომხდარ აფეთქებას, ამიტომაც სამართალდამცველები მათ ერთი ჯაჭვის რგოლად მიიჩნევენ. „შემთხვევის ადგილზე ამოუცნობი პიროვნების დამწვარი სხეული და პისტოლეტია აღმოჩენილი“, - იტყობინება რუსული მედია. ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან იყო დამონტაჟებული.
უკვე დღეს კი მახაჩყალაში კიდევ ორი აფეთქება მოხდა: ტანსაცმლის მაღაზიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ქალი დაშავდა, ხოლო მოგვიანებით აფეთქდა ავტომანქანა „ფორდი“, რომელშიც ქალი და მამაკაცი ისხდნენ.
კომენტარი