მირზა გელოვანის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა
2 მარტს, ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის დაბადებიდან 95 წელი სრულდება. მირზა (რევაზ) გელოვანი 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის რაიონი) დაიბადა. მირზა გელოვანი იყო ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).
1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა 1944 წელს, სსრკ-გერმანიის ომში. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).
თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.
კომენტარი