სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის ე.წ. დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ შეიქმნება

ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციაში ურთიერთბრალდებების, ტალახის სროლის და პოლიტიკური განქორწინებების დრო დადგა. „ალიანსი საქართველოსთვის“ მარტივ მამრავლებად დაიშალა, ისევე როგორც „ეროვნული საბჭო“. ერთი სიტყვით, ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფებების პროცესი დაიწყო. „გაფარჩაკებული“ ოპოზიცია ხელისუფლების შესაცვლელად ახალი გზების ძიებას იწყებს.
არჩევნების შედეგებით გულგატეხილმა ოპოზიციის რადიკალური ფრთის ნაწილმა ახალი პოლიტიკური პარტნიორების ძებნაც კი დაიწყო. აი, მაგ.: ნოღაიდელმა ამჯერად ოქრუაშვილი იპოვა და ეს დუეტი ოპოზიციას დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისკენ მოუწოდებს, თუმცა საკითხავია, გამოუვათ კი რამე? მოდით, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მოკლედ, ნოღაიდელი-ოქრუაშვილის დუეტი ახალი გაერთიანების შექმნას ცდილობს. როგორც ჩანს, ამ იდეით გაჩეჩილაძეც მოიხიბლა და ოქრუაშვილის ინიციატივით მიუნხენში „ბრწყინვალე სამეულის“ შეხვედრაც შედგა.
რა ნიშნით შეარჩია ოქრუაშვილმა ნოღაიდელი, არ ვიცით, რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, იგი ქუჩასთან ასოცირდება და გასაგებია რატომაც შეირჩა, აი, ნოღაიდელი კი... თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოქრუაშვილ-ნოღაიდელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და რომ არა ჟვანია, ოქრუაშვილი ნოღაიდელს „ვირის აბანოში“ უკრავდა თავს, მათი თანამშრომლობა, ცოტა არ იყოს და, მართლაც გაუგებარია, თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების ზიზღით შეპყრობილმა ოქრუაშვილ-ნოღაიდელმა ძველი წყენა დაივიწყეს და დღეს პარტნიორულ ურთიერთობასაც არ გამორიცხავენ.
ერთი სიტყვით, მიუნხენში სამთა თათბირი გაიმართა და თუ რაზე ისაუბრეს რეალურად რადიკალებმა, უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე ეს სამეული ხელისუფლების დამხობის გეგმას ამუშავებდა.
საინტერესოა, მართლაც უნდა ველოდოთ თუ არა ამ ფიგურების მიერ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, თუ შეხვედრა შეხვედრისთვის დარჩება? ნოღაიდელს რომ ჰკითხოთ, ერთობა აუცილებლად შედგება, თუმცა... „რაც შეეხება ჩემს ოქრუაშვილისა და გაჩეჩილაძის „ალიანსს“, გეტყვით, რომ ჯერჯერობით ერთმანეთს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ხედვები გავაცანით და ზედმეტი მოლოდინი იმისა, რომ გაერთიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხებიღაა მოსაგვარებელი, საფუძველს მოკლებულია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობა აუცილებლად შედგება“, _ აცხადებს ნოღაიდელი. ისე, მთლად ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით, ბატონო ზურაბ, თუ არც ხართ დარწმუნებული და უბრალოდ, ჩვეულად „გვაბოლებთ“?
სხვათა შორის, ნოღაიდელი არჩევნებამდეც დარწმუნებული იყო და არწმუნებდა კიდეც საზოგადოებას იმაში, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში გამყალბებლებს ხელ-ფეხს დაამტვრევდა და ასევე არწმუნებდა, იმაში, რომ „ეროვნული საბჭო“ იყო ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, თუმცა ამ ე.წ. ძლიერმა ბლოკმა არჩევნებში ხმათა რაოდენობის 8%-ი ძლივს მიიღო, შემდეგ მარტივ მამრავლებადაც დაიშალა და ხელ-ფეხი ნოღაიდელსაც არავისთვის დაუმტვრევია.
ერთი სიტყვით, ყველამ კარგად დაინახა, „დაღლილი ვირის“ სიტყვას რომ ჩალის ფასი აქვს. „დრონი ჯი“-ს ინფორმაციით, ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის ე.წ. დიდი ოპოზიციური გაერთიანება არ შეიქმნება. მიუნხენის შეხვედრა შეხვედრად დარჩება და სამთა „ალიანსი“ არ შეიქმნება. ამიტომაც აღნიშნა ნოღაიდელმა, ზედმეტი მოლოდინი ნუ გექნებათო, გვიყვება მისი გარემოცვის ერთ-ერთი წევრი პრივატულ საუბრებში. ნოღაიდელის მიმართ პოლიტიკურ პარტნიორებს ნდობა აქვთ დაკარგული და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს, რომ მასთან „ალიანსში“ არ შევიდნენო. გაჩეჩილაძეც მშვენივრად ხვდება, რომ ამ ერთობაში სხვა ოპოზიციური ძალები თავს არ მოიყრიან და მხოლოდ ნოღაიდელ-ოქრუაშვილთან „ალიანსი“ არ აწყობსო.
მოკლედ, მათი პოლიტიკური ქორწინება, დამერწმუნეთ, მზის შუქს ვერ ნახავს, არ შედგება, არაო, გვარწმუნებს წყარო. გაჩეჩილაძესთან ამ საკითხზე კომენტარისთვის არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რას ფიქრობენ ოქრუაშვილი-ნოღაიდელის მოწოდებაზე ოპოზიციური პარტიები. მათი აზრი უცვლელია. „ეროვნული ფორუმი“ ნოღაიდელის გვერდით არასდროს აღმოჩნდება. „რესპუბლიკელების“ და „ახალი მემარჯვენეების“ აზრიც უცვლელია და ფორმულა „ყველა მინუს ნოღაიდელი“ ძალაშია. „მრეწველი“ თოფაძეც ნოღაიდელთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს, მეტიც, ის მას ღიად უპირისპირდება კიდეც. რაც შეეხება ნოღაიდელის აწ უკვე ყოფილ მოკავშირე „კონსერვატორებს“, კუკავას აზრით, ნოღაიდელის, ოქრუაშვილის და გაჩეჩილაძის „ალიანსი“ არ შეიქმნება და თუ შეიქმნება, „კონსერვატორებს“ ამ გუნდში ვერ ვიხილავთ.

პ.ს. მოკლედ, მარტო თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად გააგრძელებს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას „დაღლილი ვირი“, არ ვიცით, თუმცა ეს სამთა ერთობა რომ არ შედგება, დანამდვილებით ვიცით. ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ მომავალში „დაღლილმა ვირმა“ მოულოდნელად რომელიმე ოპოზიციონერის ნდობა და სიმპათია დაიმსახუროს კიდეც. თავის დროზე „კონსერვატორების“ და ხალხის პარტიის ნოღაიდელთან გაერთიანებაც ხომ მოულოდნელი იყო. დღეს კი ერთი რამ ფაქტია, ნოღაიდელი არის და გაურკვეველია რამდენ ხანს დარჩება ქართულ პოლიტიკაში „მინუსად“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100