სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მზის ენერგია საფრენი აპარატისთვის

დიდ ბრიტანეთში დამზადებულმა საფრენმა აპარატმა Zephyr-მა, რომელიც მზის ბატარეებზე მუშაობს, ბევრად გადააჭარბა ანალოგიური აპარატების ფრენის ხანგრძლივობის რეკორდს. უკვე კვირაზე მეტია, რაც ბრიტანული აპარატი მიწაზე არ დაშვებულა. პროექტის მენეჯერი ჯონ სოლტმარში იმედს გამოთქვამს, რომ აპარატი ცაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იფრენს, შემდეგ კი მიწაზე დაეშვება.

Zephyr-ი პირველი “მუდმივი” საფრენი აპარატია. დღისით მისი პროპელერები მზის პანელებიდან მიღებული ენერგიით, ღამით კი აკუმულატორებით იკვებება, რომელთა დამუხტვა დღის განმავლობაში მზის ენერგიითვე ხდება.

მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათ შერჩეულ სივრცეში დიდი ხნით შეუძლიათ გაჩერება და მისიის შესრულება, რაც თანამგზავრით ან სამხედრო “უპილოტოებით” მოუხერხებელია.

სამხედროებს ეს აპარატი კავშირისა და დაზვერვის სფეროებში გამოადგებათ. მას ასევე მიწის ზედაპირის დაკვირვებისთვის, სამეცნიერო და სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100