სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, დაიჯერეთ, როცა ერთად ვართ ვიმარჯვებთ! - ძალა ერთობაშია!” - ცეზარ ჩოჩელი ამომრჩეველს მიმართავს

მოდით არჩევნებზე!
ნურავის მისცემთ უფლებას დაგამციროთ და კიდევ, ოთხწლიანი დუმილის, სიღარიბის, უიმედობის, უძრაობის სანაცვლოდ, არჩვენების წინ გაგაჩუმოთ ას ლარად!
ნურავის მისცემთ უფლებას, თქვენი და თქვენი შვილების მომავალი იყიდოს გროშებად, მაშინ როდესაც, უკვე წაგართვეს რვაწლიანი განვითარების, უკეთესად ცხოვრების გარანტია!
გაიხსენეთ, საქართველოს ისტორიაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა სამშობლოს მომავალი, ომში, ბრძოლის ველზე წყდებოდა! ქართველები, მაშინ გრძნობდნენ ქვეყნის მომავლის საშიშროებას და ერთ მუშტად იკვრებოდნენ. უშიშრად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე - მტერთან ბრძოლაში იმარჯვებდნენ! დღეს, ჩვენი დიდგორი და ბასიანი 31 ოქტომბერია! მოდით, ამჯერადაც ერთად ვიბრძოლოთ, ერთად შევქმნათ უკეთესი ხვალინდელი დღე, როცა შესაძლებელი იქნება ღირსეული, ადამიანური ცხოვრება. სამუშაო ადგილები, სტაბილური შემოსავლები. ბოლოს და ბოლოს ერთად მოვინდომოთ და დავამარცხოთ ქვეყნის და თითოეული ადამიანის ყველაზე დიდი მტერი -სიღარიბე, უკანონობა, უსამართლობა!
ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, დაიჯერეთ, როცა ერთად ვართ ვიმარჯვებთ! - ძალა ერთობაშია!
ჩემო მეგობრებო, 31 ოქტომბერი ჩვენი სამშობლოს გზაჯვარედინია, საიდანაც ერთი გზა მიდის პროგრესისკენ, უკეთესი მომავლისკენ, ძლიერი, თავისუფალი საქართველოსკენ, შეძლებული ოჯახებისკენ და განათლებული, ლაღი მომავალი თაობებისკენ. მეორე გზას კი, ოკუპანტ, რუსულ იმპერიას დამორჩილებული, ხალხისგან დაცლილი, გაღარიბებული რეგიონების, სოფლების, სხვისი ხელის შემყურე ოჯახების, უპერსპექტივო მომავალი თაობების მქონე კრიმინალური საქართველოსკენ მიდის!
არჩევანი თქვენზეა!
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც დამაჯერებელია ჩემი სიტყვები! მივმართავ მათაც, ვინც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით გვიყურებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა და ვერ გადაუწყვეტია. იმათაც, ვისაც ხელისუფლება შიშსა და ტერორში აცხოვრებს.

მივმართავ პედაგოგებს, დამამცირებელი პენსიის მიმღებ პენსიონერებს, გაღარიბებულ, სოციალური შემწეობის მქონე თანამემამულეებს, მოგიწოდებთ იმათაც, ვინც დღეს ოჯახებს, იმ მწირი ხელფასებით არჩენთ, რომელსაც საჯარო სამსახურში გიხდიან. თქვენ, სხვებზე უკეთ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ უკუსვლით მიექანება და აუცილებელია მისი შეჩერება, გადარჩენა და წინსვლა.
» არ შეშინდეთ! - ჩვენ გავიმარჯვებთ!
» ნუ გეშინიათ, ვერავინ მოგიხსნით ასაკობრივ პენსიას!
» ნუ გეშინიათ, ვერავინ წაგართმევთ სოციალურ შემწეობას!
ნუ გეშინიათ, მოიკრიბეთ ძალა პედაგოგებო! გაიხსენეთ დიდი მოძღვრისა და განმანათლებლის დიმიტრი ყიფიანის ზნეობა და გამბედაობა, გახდით თქვენი მოსწავლეებისთვის ზნეობის მაგალითი. გაიხსენეთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - დრო, როდესაც გაშინებდნენ, გაშანტაჟებდნენ ან საარჩვენო ხმების სანაცვლოდ, გთავაზობდნენ თქვენივე ჯიბიდან მოპარულ ფულს. რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?!
იმისთვის, რომ მომავალში ვეღარავინ შეძლოს თქვენი დაშინება და შანტაჟი, იმისთვის რომ გვქონდეს თავისუფალი, წარმატებული სამშობლო, ღირსეული ხელფასი, ღირსეული პენსია, ძლიერი ოჯახები, გყავდეთ ლაღი და მომავლის მქონე ბედნიერი შვილები - 31 ოქტომბერს, აუცილებლად მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მოდით არჩევნებზე! საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემით, ჩვენ, ერთად, პირველ რეალურ ნაბიჯს გადავდგამთ დასახული მიზნის მისაღწევად.
ნუ გეშინიათ! ვერავინ გხედავთ, როცა ფარული კენჭისყრის კაბინაში შემოხაზავთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს. გაკეცილ ბიულეტენსაც, თქვენ თავად ათავსებთ კონვერტში, რომელსაც დამოუკიდებლად იღებთ განცალკავებულად მდგარი მაგიდიდან.
ნუ გეშინიათ! არავინ გამოწმებთ, როცა კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს, ასევე დამოუკიდებლად უშვებთ საარჩევნო ყუთში. აქ თქვენი ხმის მიცემა დასრულდა. თქვენი ხმის დასაცავად კი, ყურადღება გმართებთ ამ პროცესის დასრულებამდე, საღამოს 8 საათამდე.
გახსოვდეთ! გჯეროდეთ! 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ხმის მიცემით და მერე მისი დაცვით, თქვენ ხმას აძლევთ და იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, წარმატებას, თქვენი და თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უკეთეს მომავალს!
ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს შემწე და მფარველი! თქვენი ცეზარ ჩოჩელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100