სანკტ-პეტერბურგში ერთი საათით ჩასულმა ელტონ ჯონმა VIP ქორწილში რუსულად იმღერა
ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი, ელტონ ჯონი სანკტ-პეტერბურგში სულ რამდენიმე საათით ჩავიდა, რათა ქორწილში ემღერა. ქორწილი ეკატერინეს პარკში გაიმართა. ელტონ ჯონმა რუსი მოდელისა და ფრანგი ბიზნესმენის ქორწილში, არც მეტი, არც ნაკლები, რუსულად იმღერა. პულკოვოს აეროპორტში გამოწყობილ 64 წლის მომღერალს თან მხოლოდ მისი საკონცერტო მენეჯერი ახლდა, დაცვის გარეშე იყო და სადად, შავ სპორტულ პიჯაკში იყო გამოწყობილი. ქორწილის დაწყებამდე ელტონ ჯონი სასტუმროდან არ გამოსულა და ეძინა.
"მომღერალი ისვენებს, გადაფრენის დროს დაიღალა", - უთხრეს "ლაიფნიუს.რუ"-ს ქორწილის ორგანიზატორტებმა. ვლადივოსტოკელმა პატარძალმა ევგენიამ და ნეფემ, სახელად პიერმა, რომელიც ინგლისში სადაზღვევო კომპანიის მფლობელია, რასაკვირველია, ელტონ ჯონის ამ ვიზიტისთვის ზღაპრული თანხა გადაუხადეს, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია - რამდენი. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, მათ ელტონ ჯონის სიმღერა რამდენიმე მილიონი დოლარი დაუჯდათ.
თავად ქორწილი ეკატერინეს სასახლეში გაიმართა და ქორწილის დღეს პარკი დახურული იყო ყველასთვის, ვინც იქ შესვლას მოინდომებდა, რა თქმა უნდა, ქორწილში მიწვეული პირების გარდა. ქორწილის ცერემონიალის ადგილამდე სტუმრები ნავით გადაჰყავდათ. მას შემდეგ, რაც რუსული სიმღერა შეასრულა, ელტონ ჯონი ქორწილში დაახლოებით ერთ საათს დარჩა, შემდეგ კი უკან, ლონდონში გაფრინდა.
კომენტარი