სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძეს

ნინო! ჩემო მადონავ! მე ახლა პეტერბურგის ციხეში ვზივარ და შენზე ვფიქრობ. ჩემი სული შენსკენ ისწრაფვის, ვითარც ზღვის ტალღა ნაპირისაკენ, ვითარც დაჭრილი არწივი წყაროსაკენ... შენა ხარ ჩემი შვების ნაპირი, შენა ხარ ჩემი სიყვარულის უკვდავი წყარო... მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა...

შენ ერთხელ მითხარი ჯვრის მონასტერთან, ადამიანი თავად არისო ტაძარი. მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვის ჭეშმარიტი არსი. შენა ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან. შენა ხარ ხატი... საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან... მიახლოება შენს სულთან ღმერთთან მიახლოებას თუ შეედრება ნინო. სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია...

სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის მუსიკა, რა არის შენთან მუსიკა ბახის... შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის... და ამიტომ გეტრფი. აი, შენ ნახავ, მე დავწერ სიყვარულის ახალ ბიბლიას, სიყვარულის ღვთაებრივ სახარებას. მე მას ყველაზე მშვენიერ სახელს-ნინოს დავარქმევ...

ჩვენ მაშინ არ გვესმის ერთმანეთის, როცა ადამიანები საკუთარ თავს აღვემატებით. ჩემი სიყვარული ჩემზე დიდია და მე ის წამლეკავს თუ შენ ხელი არ შემაშველე. სანამ შენს სურათს ვნახავდი აქ, ციხეში, ნინო, სანამ მფარველ ანგელოზად გამომეცხადებოდი, მე ჩემი თავი იმ უბედურ ადმიანად დავსახე, რომელიც ყოველ წუთს მზად არის მოკვდეს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ აღასრულა რაც დაიქადა, არამედ პირიქით, ვერაფერიც ვერ გააკეთა და ყოველგვარი იმედიც გაუწყდა, რომ რამის გაკეთებას შეძლებს. როცა შენ გამომეცხადე, ისევ დამიბრუნდა სიბრძნეც, იმედიც, მხნეობაც, სიცოცხლის წყურვილიც...

მე, რომ მხატვარი ვიყო,მხოლოდ შენი ფრესკებით მოვხატავდი საქართველოს ციხე-ტაძრებს... მე ახლა მივხვდი, რომ ადამიანის ხსნა სიყვარულშია. ის არის უნაზესი ღვთაებრივი არსი, რაიც ადამიანს მხოლოდ ღვთაებრივ ხილვათა ჟამს გაუცხადდება.

შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ, ნინო! ამ ციხეში ჩემზე თავისუფალი არავინაა, როცა შენზე ვფიქრობ...

მე მუდამ მწამდა, რომ სიყვარული პოეზიაა, სიყვარული სიბრძნეა... რად მინდა სოლომონ ბრძენი ვიყო, თუ შენ ჩემი სიყვარული არა ხარ... რად მინდა დავითის ფსალმუნების დაწერის ნიჭი, თუ შენ ჩემი არ იქნები... სოლომონის სიბრძნეა შენდამი ჩემს სიყვარულში და დავითის ფსალმუნების სილამაზე და ჰაეროვნება... შენ ჩემი უზენაესი პოეზია ხარ!..

შენზე ფიქრი ფრთას მასხამს, შენზე დარდი მკლავს... შენ ხარ სიწმინდე, რომლის წინაშე მე ლოცვად ვარ დამხობილი. აქ, პეტერბურგში ვღაღადებ, რომ შენ თბილისში გაგაგონო... მე დემონი ვარ, ნინო, დემონი-ცოდვილი ანგელოზი. მე ფრთები მინდა, რომ ისევ ავმაღლდე. მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები. შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთლისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ. შენ ვეფხისტყაოსნიდან შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ, მე კი შენი ხელი მიჯნური. რუსთაველი თუ უმღერდა ჩვენს სიყვარულს ნინო, მხოლოდ რუსთაველი, აღმოსავლეთის დანტე! შენა ხარ პოემა პირველი სიყვარულისა, შენა ხარ ნუშის პირველი ყვავილობა და ჩემი ცხოვრების ვარდის ფურცლობაც შენა ხარ, ნინო...

მჯერა,როდესაც ნევაზე გატყდება ყინული და ზამთრის სასახლესთან გაზაფხული ალანქერდება, მე ისევ გიხილავ შენ... მე მოვყვები გაზაფხულის პირველ შხაპუნა წვიმას საქართველოში. მიწიდან პირველ იად ამოვალ... ყოჩივარდების კონას მოგიტან, მარცხენა ძუძუზე გეამბორები და შენს ბაგეებს მოვწყვეტ პირველი სასიყვარულო პაემანის უბიწო ამბორს. პირველ პაემანზე, მერცხლებთან ერთად დამელოდე საქართველოში... მე და გაზაფხული ერთად მოვალთ... მახათას მთაზე გაზაფხულის პირველი მეხი, რომ იქუხებს, ის ჩემი მოსვლის ნიშანი იქნება. პირველი სიყვარულის ბარათით პირველ პაემანს გინიშნავ, ნინო.

გკოცნი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100