სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაზაკები, როგორც რუსული გავლენის გაძლიერების გზა

საინფორმაციო-საგენტო ”Рес” -ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ”ირისტონ - 2011” - ის ეგიდით გამართულ ფორუმზე ედუარდ კოკოითიმ, ”რესპუბლიკის ეკონომიკის აღორძინების” მოტივით, პირველად გაახმოვანა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემის საკითხი.

”ჩვენ ვფიქრობთ რესპუბლიკის ეკონომიკის აღორძინებაზე რუს ბიზნესმენებთან თანამშრომლობის გაღრმავებით და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით, რომლებსაც საწარმოებისათვის მიწები 99 წლის ვადით იჯარით გადაეცემათ”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

კოკოითის არც იმ გეგმის ხსენება დავიწყნია, რომელიც რუსი კაზაკობისათვის ”ქვეყნის დაცვის” უზრუნველყოფის პარარელურად საკუთარი მეურნეობის განვითარებისათვის ”დაცარიელებული” მიწების გადაცემას ითვალისწინებს...
აღვნიშნავთ, რომ კოკითის მიერ გახმოვანებული კაზაკებთან დაკავშირებული გეგმები ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საჭირბოროტო პრობლემატიკაში და მის რეალურ ისტორიაში ნაკლებად ჩახედულ ადამანებს შეიძლება ახალ ხილად მოეჩვენოთ.

21 - ე საუკუნეში კაზაკობის ინსტიტუტის აღორძინება, რომელმაც თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ათვისების საქმეში, თავად უკვე გახლავთ მრავლისმეტყველი ფაქტი, თუმცა რამდენადაა მისაღები დღევანდელი რუსეთისთვის მე–18 მე–19 საუკუნეებში ნაცადი ხერხები, სხვა საკითხია და ამის გამოცნობა მკითხველისათვის მიგვინდია. ისტორიულმა მეხსიერებამ კარგად შემოინახა რუსული კაზაკობის ყველა დამსახურება საკუთარი მამულის წინაშე, რომლებიც მთელი მრწამსით თავდადებულად ემსახურებოდნენ სახელმწიფოს, საკუთარი სიცოცხლისა თუ სხვა ადამიანური ფასეულობების სამეფო ტახტის ინტერესებისათვის მსხვერპლად შეწირვის ფასად... თავის მხრივ, სახელმწიფოც იჩენდა ”დედობრივ” მზრუნველობას მათდამი განსაკუთრებული შეღავათების დაწესებით. 1917 წლის რევოლუციამდე, რუსეთის იმპერიის უკიდეგანო სივრცეში, საზღვრების მიმდებარე მიწების მთელ გაყოლებაზე იქმნებოდა კაზაკთა სადგომები, სადაც ისინი სახელმწიფო საზღვრის დაცვის ძირითადი მოვალეობის შესრულების პარალელურად, საკუთარ დამხმარე მეურნეობასაც ავითარებდნენ...

ნამდვილად შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა აურაცხელ სახსრებს აბანდებს კაზაკთა ფორმირებების აღდგენის საქმეში, რომლებმაც 20-ე საუკუნის ბოლოს საკმაოდ კარგად გამოიჩინეს თავი პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარ ყველა ”ეთნიკურ” დაპირისპირებებსა თუ კონფლიქტებში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც...

კაზაკური ფორმირებების აღდგენის შესახებ თავისი გადაწყვეტილებებით, ერთი შეხედვით, რუსული ხელისუფლება უნებლიედ ხელს აწერს იმას, რომ ქვეყნის ერთიანობის შეარჩუნება დღეს არსებულ საზღვრებში, მას თანდათან უფრო და უფრო უძნელდება, ამდენად კაზაკები მათთვის ის საყრდენია, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ თავიანთი გავლენის შენარჩუნება ნგრევის პირამდე მისულ რუსულ სახელმწიფოში.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თვით კაზაკების ე.წ. ”სამხრეთ ოსეთში’’ მიწვევის ფაქტი, პრაქტიკულად სამუდამოდ დასამკვიდრებლად, მოდის არა თვით კოკოითისაგან და მისი თანამოაზრეებისაგან, იმდენად რამდენადაც ოკუპირებულ რეგიონში უკვე დიდი ხანია მათ არავინ არაფერს ეკითხება და აღარც შეეკითხება. განსაკუთრებით კი რუსეთის ფედერაციის მიერ ყბადაღებული ”აღიარებისა” და იმავე რუსეთისათვის ჰაერივით საჭირო და მომგებიანი ე.წ. ’’სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების” დადების შემდეგ.

ზემოთხსენებული გენერალური გეგმიდან ცალკეული ამონარიდების გასახმოვანებლად, რობლებიც ითვალისწინებენ დაპყრობილი ტერიტორიების ათვისებას და იქ რუსული პოზიციების გაძლიერებას, კრემლი, მისთვის სასურველი ფიგურის გამოჩენამდე, მაქსიმალურად იყენებს ედუარდ კოკოითის დარჩენილ შესაძებლობებს. ამ უკანასკნელის მიერ გახმოვანებული იდეის რეალურად განხორციელების შემთხვევაში, კაზაკებისათვის საცხოვრებლად, უწინარეს ყოვლისა, შეთავაზებული იქნება ოკუპაციის ზონის გასწვრივ მდებარე სახლები, როგორც ცხინვალის რეგიონში ასევე აფხაზეთში. ესენია, ქართველი დევნილებისა და იძულებით ადგილნაცვალი პირების კუთვნილი სახლები და მიწის ნაკვეთები. ამ აქციის შედეგად რუსი ხელისუფალნი მიაღწევენ ქვეყნის ინტერესებისა და სახელმწიფო საზღვრების დამცველი, ყველაზე საიმედო კონტიგენტის მაქსიმალურ გადანაწილებას, იმდენად რამდენადაც, ბოლო ხანებში ჩრდილეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების ფონზე თუ ვიმსჯელებთ, კრემლს ’’ადგილობრივების” იმედი პრაქტიკულად გადაწურული აქვს და ხშირად სრულიად ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლადაც კი (მაგალითისათვის ავიღოთ იატაკქვეშელი მეამბოხეების განიარაღების ოპერაციების ჩატარება), იძულებული ხდება ცენტრიდან ან რუსეთის რომელიმე შიდა რეგიონიდან მიავლინოს იქ უფრო ”საიმედო” კადრები.

ამის პარალელურად მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელები კაზაკების მეშვეობით იმედოვნებენ თავიანთი მტკივნეული პრობლემების მოგვარებას: ესენია, პირველ რიგში, თავიანთი რეჟიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და განუსაზღვრელი ვადით სახელისუფლებო სტრუქტურებში ყოფნის გახანგრძლივება, სადაც მათ გარანტირებული ექნებათ რუსეთის ბიუჯეტიდან შემოდინებული კაპიტალით უკანონო გამდიდრება. რუსი კაზაკების ’’ყველა აუცილებელი” პირობებით უზრუნველყოფის შემდეგ, სეპარატისტებს გაუჩნდებათ იმის ცდუნება, რომ ყველას გასაგონად, ყოველგვარი სინდიდისის ქეჯნის გარეშე განაცხადონ: ’’ჩვენ პრინციპში არა ვართ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების წინააღმდეგნი, მაგრამ სად დაბრუნდებიან, სახლები დაკავებულია კაზაკების მიერ...”,

აფსუს! არც აფხაზების და არც ოსების მიერ. გარდა ამისა, ”დაცარიელებული მიწების” 99 წლით იჯარით გაცემით, სეპარატისტები რუსეთის მოქალაქეებს პრაქტიკულად სამუდამოდ უკანონებენ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ ქონებას. ხოლო რაც შეეხება კაზაკების ოჯახების მიერ სამსახურის პარალელურად დამხმარე მეურნეობების წარმოებას, სეპარატისტებმა კარგა ხანია შეიგნეს, რომ ქართველი ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბუნების გარეშე მათ მიერ კონტროლირებად რეგიონებში ომისა და ადგილობრივი მძარცველების შედეგად განადგურების პირას მისული სახალხო მეურნეობის ობიექტების სრულფასოვანი აღდგენა და ფუნქციონირება პრაქტიკულად შეუძლებელია...

ამავე დროს ეს რეგიონები დღემდე ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ დეფიციტს განიცდიან, რომელთა არსებობაზეც დამოკიდებულია მასზე მიბმული დარგების შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით კი საკურორტო და ტურისტული ინდუსტრიისა და სხვების. სეპარატისტები ვარაუდობენ კაზაკებით იმ შრომისმოყვარე მოქალაქეების სრულფასოვან ჩანაცვლებას, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ეთნოწმენდის პოლიტიკის შედეგად იძულებული გახადეს მიეტოვებინათ მშობლიური მიწა-წყალი და საკუთარი კერა. მაგრამ ამაში ღრმად ცდებიან, იმდენად რამდენადაც კაზაკობა, მათი ფსიქოლოგიური განწობიდან გამომდინარე, რომლებმაც ”ომში ლომის წილი შეიტანეს” ოკუპირებული რეგიონებიდან არაოსი და არააფხაზი ეროვნების მოქალაქეების განდევნაში, არსასოდეს ხელს არ მოჰკიდებენ ისეთ არაპრესტიჟულ საქმეს, რომლითაც ამჟამად იქ დასაქმებული არიან ფულის საშოვრად ჩასული გასტერბაიტერები შუა აზიიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ა.შ.

და სეპარატისტებმა ერთი რამეც კარგად უნდა გაითვალისწინონ, რომ კაზაკები რევერანსებით ლაპარაკს არარუსი ეროვნების ”მბრძანებლებთან” ჩვეული არ გახლავან, მითუმეტეს თუ საუბარია ”კავკასიური წარმოშობის მოხელეებზე”, რომელთა მიმართაც, ისტორიულად ჩამოყალიბებული მენტალიტეტით შესაბამისად, მიუხედავად მათი გვაროვნულ-ტომობრივი წარმომავლობისა და საზოგადოებრივ იერარქიაში დაკავებული თანამდებობისა, ”განსაკუთრებული” შეხედულება გააჩნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100