სამხედრო პოლიციელების დაკავება და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 18 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, "რობერტ ბოშის ფონდის" კონსულტანტ დიტერ ბოდენს შეხვდა. დიტერ ბოდენთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილს დაესწრო. ახალქალაქის ქართულ სკოლაში მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებსაც გაესაუბრა და ყურადღება უახლესი ისტორიის დეტალებზე გაამახვილა. პრეზიდენტმა ისტორიულ ფაქტებთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარალელებიც გაავლო. პედაგოგებთან საუბრისას იგი საქართველოს ისტორიის სწავლების მნიშვნელობის საკითხსაც შეეხო. მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაული მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის სასწავლებელ- პანსიონატს ესტუმრა, რომელიც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ძალისხმევით შეიქმნა. მიხეილ სააკაშვილმა სასწავლებელი დაათვალიერა, აქ დამზადებულ ნიმუშებს გაეცნო და ადგილზე გადაღებულ რამდენიმე ფილმსაც უყურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში სურთხაჩის სომხურ ეკლესიაში მივიდა და წირვას დაესწრო. საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის განვითარების საკითხს შეეხო და ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელობას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი და სომეხი ხალხის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ტაო-კლარჯეთში ოშკის ტაძრის მონახულებით დასრულდა. ქართველი სპეციალისტები, ერზრუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ ტაძრის მდგომარეობას და მისი რეაბილიტაციის მეთოდებზე იმსჯელეს. თურქული კომპანია "ანფორა მიმარლის რესტორასიონი", რომელიც ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოებს იშხანში ახორციელებს, ოშკის რესტავრაციის პროექტზეც მუშაობს. საბოლოო დოკუმენტი დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად, რის შემდგომაც ტენდერი გამოცხადდება იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც სარესტავრაციო სამუშაოები ადგილზე უნდა განახორციელოს. დღევანდელი ვიზიტის შემდეგ, ქართველი ექსპერტები დასკვნას მოამზადებენ და რეკომენდაციებსაც შეიმუშავებენ, რომელსაც უკვე მოგვიანებით თურქულ მხარეს გადაუგზავნიან.
პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ციხისძირში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი ყოფილი სამხედრო პოლიციელი დააკავა. ყოფილი სამხედრო პოლიციელების დაკავება, დღეს დილით დაკითხვის შემდეგ მოხდა.რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მესამე ყოფილ სამხედრო პოლიციელს, პროკურატურის ინფორმაციით, ის მიმალვაში იმყოფება და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.ციხისძირში შემთხვევა 14 აპრილს მოხდა, სენაკის სამხედრო პოლიციის სამმა ყოფილმა, თანამშრომელმა ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ინციდენტის შემდეგ სამხედრო პოლიციელები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით სამსახურიდან დაითხოვეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდნენ. ისინი რამდენიმე რაიონში გაეცნენ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს. ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შეხვდნენ გლეხებს და მათი აზრი მოისმინეს მთავრობის ინიციატივაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ მოხვნა-დათესვის შესახებ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დაინტერესდა შესრულებული სამუშაოების ხარისხითა და ტექნიკის გამართულობით.
თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების ინტერფრაქციული გაერთიანება შეიქმნა. ჯგუფში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები და ფრაქციების წარმომადგენლები შედიან. ინტერფრაქციული გაერთიანების შექმნის მიზანია, კოორდინირებული მუშაობის წარმოება ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის. როგორც საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, ამ ჯგუფის მეშვეობით უმრავლესობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან, ზაზა გაბუნიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მმართველობას ჩამოშორდეს. დღესვე ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს.
თბილისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ტარიფების შემცირებას აპროტესტებენ. ტაქსის მძღოლები ასევე მოითხოვენ მანქანებზე მრიცხველების დაყენებას, რადგან გაიზომოს, თუ რომელი მანქანა რამდენ კილომეტრს გადის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა, საქართველოს დროებით ტოვებს და ლოს-ანჟელესში ბრუნდება. ამის შესახებ მომღერალმა საკუთარ გულშემატკივრებს "ფეისბუქის" გვერდიდან ამცნო.
კომენტარი