სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა დავით ისაკაძე სინოდს აკრიტიკებს და სომხებს 19 ტაძრის მიტაცებაში ადანაშაულებს

სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავით ისაკაძე ცნობილია თავისი რადიკალური მოქმედებებით. მისი სოციალური აქტივობა ბევრად სცილდება ეკლესიის კედლებს და მრევლთან ერთად არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ისეთ გამოსვლებში, როგორიც იყო "ჰელოუინის" დარბევა (სტატიას თანდართული ფოტო სწორედ "ჰელოუინის" დარბევის დაწყებამდეა გადაღებული) და "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტი. მამა დავითი მოიაზრება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის"(მმკ) ერთ-ერთ დამფუძნებლად და ლიდერად. ამჯერად დავით ისაკაძე ისევ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესახებ საუბრობს:

_ მოდით, ფაქტებით ვისაუბროთ. სინოდის განჩინებამდე პატრიარქმა მართლაც მკვეთრი განცხადებები გააკეთა. რაც შეეხება სინოდის ლიბერალურ განჩინებას, უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ ფაქტი ერთია – სინოდის განჩინება პატრიარქის პოზიციას არ დაემთხვა! რა თქმა უნდა, სინოდის სხდომაზე ზეწოლის განხორციელება უდიდესი ცოდვა და დანაშაულია და ამის გამკეთებლები ღვთის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან, თუ თავიანთ საქციელს გულწრფელად არ შეინანებენ.

_ რა ქნას ერმა, რომელიც უმალ შეიკრიბა სარწმუნოებისა და ეკლესიის დასაცავად, თუმცა, სინოდის მხარდაჭერა ვერ დაინახა?

_ მე ვერ დაგეთანხმებით ასეთ შეფასებაში. წმინდა სინოდში არაერთი ღირსეული ეპისკოპოსია, რომლებიც სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავის გასაწირად მზად არიან და ამის შესაფერის მომენტს ელოდებიან. სხვათაშორის, მართლმადიდებელი მღვდელმსახურების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა წმინდა სინოდს ერთობლივი წერილით მივმართეთ, სადაც ვითხოვთ, ამ კანონთან დაკავშირებით უფრო მკვეთრი და კონკრეტული პოზიცია დააფიქსირონ! სარწმუნოების დაცვის გამო 8 ღირსეული ახალგაზრდაა დაჭერილი და როცა საერო პირები თავს საფრთხისთვის იმეტებენ, წმინდა სინოდს უფრო თავდაჯერებული და მკვეთრი პოზიციის გამოხატვა მართებს აშკარად ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი კანონის მიმართ!

_ მამა დავით, თქვენი თვალთახედვით, რა საფრთხეებს გვიქადის ეს კანონი?

_ შვეიცარიაში 400 000 მუსლიმანი ცხოვრობს და სულ 4 მეჩეთია. როცა ადგილობრივმა მუსლიმანებმა კიდევ 2 მეჩეთის აშენება ითხოვეს, ქვეყანაში ამის გამო რეფერენდუმი ჩატარდა და ხალხმა უარი თქვა, რითაც საკითხი ამოიწურა! ნუთუ ჩვენ შვეიცარიაზე დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს? სოფელ ტალავარში (ბოლნისის რაიონი) როცა მეჩეთის უკანონოდ მშენებლებს საბუთის ჩვენება ვთხოვე, იქ მყოფმა ერთ-ერთი აზერბაიჯანული ტელეარხის ჟურნალისტმა აგრესიულად მკითხა - შენ აქ რა გინდა, რისთვის ხარ ჩამოსულიო... გესმით?! მე, ქართველ კაცს, ჩემს სამშობლოში მეკითხება ეს მართლაც ჩამოსული გადამთიელი!

რამდენიმე წლის წინ, სომხებმა ჯავახეთში, სამსარის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებზე ჩასული ქართველი ახალგაზრდები დაარბიეს! აი, ასეთ მდგომარეობაშია მართლმადიდებლობა საქართველოში და კიდევ აქეთ გვაბრალებენ ქსენოფობიას... არც ეთნიკური და არც რელიგიური დაპირისპირება საქართველოში არასდროს ყოფილა და სწორედ ამ კანონის მიღებით დაიძაბა სიტუაცია, გაჩნდა დაპირისპირებების წინაპირობა! კათოლიკეები უკვე ითხოვენ ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალური ტაძრის, ასევე ქუთაისის ხარების ტაძრის და გორის კათედრალური ტაძრის გადაცემას; სომხების მადაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

და ეს იმ ფონზე, როცა იმავე კათოლიკური მრწამსის მრევლის მოთხოვნით, ბარსელონაში ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი დაიხურა... საინგილოში მართლმადიდებელს პირჯვრის გადაწერა ეკრძალება... ასეთი ცალმხრივი დემოკრატია გაგონილა? იქნებ, მარტო ჩვენზე ვრცელდება “დემოკრატიული” ღირებულებები?! ბოლშევიკების მიერ წართმეულ ტაძრებს კათოლიკეები, მუსლიმანები და მონოფიზიტები ახლა ჩვენგან ითხოვენ. გეგონება, რაც ამჟამად აქვთ, საკმარისი არ არის. ეს კანონი და ეს სტატუსი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ქართველებისა და მართლმადიდებლების შევიწროვების ხარჯზე ახალ სურვილებსაც აღუძრავს!

_ ნუთუ ჩვენთვის დასაბრუნებელი არავის არაფერი მართებს?

_ იმავე სომხებთან ჩვენ იერუსალიმის მიწაზე არაერთი პრეტენზია გვაქვს. მე მაქვს იმ 19 ტაძრის სრული ნუსხა, მათ რომ აქვთ მიტაცებული ერთ-ერთი არის მაცხოვრის საფლავთან ახლოს მდებარე, იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი! კეთილ ინებონ და სომხებმა ჩვენც დაგვიკმაყოფილონ პრეტენზიები! სომხები მე მრევლშიც მყავს, მაგრამ ეთნიკური შუღლი არასოდეს შემიმჩნევია. როგორც კი რელიგიური მუხტი შემოდის, სიტუაცია მაშინვე იძაბება. ვფიქრობ, ამ კანონის მიღება მავანს, სწორედ რელიგიური და ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად სჭირდება, რათა მერე, მღვრიე წყალში თევზი ადვილად დაიჭიროს!

გაზეთი "ასავალ-დასავალი", #35,2011წ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100