შესაძლოა, საქართველო პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც რუსების მიერ ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს
ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა 19 მაისს მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომელიც "გენოციდის აქტად“ აღიარებს რუსეთის იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მიმართ "წინასწარ დაგეგმილ" მასობრივ მკვლელობებსა და დეპორტაციას, რასაც ასევე თან ახლდა "ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები".
ამ გადაწყვეტილებით, ერთგვერდიანი რეზოლუციის პროექტი, რომელიც იმავდროულად "რუსეთ კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ სამშობლოდან იძულებით დეპორტირებულ ჩერქეზებს" ლტოლვილებად აღიარებს, ფორმალურად მზად არის პარლამენტში კენჭისყრისთვის.
ნუგზარ წიკლაურმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ იგი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართავს, რომ დადგენილების პროექტი 20 მაისის საპარლამენტო სხდომის დღის წესრიგში იქნას შეტანილი. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით ხვალევე ეყრება კენჭი.
“21 მაისი არის ტრაგიკული დღე ჩერქეზული დიასპორისათვის... და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექვება შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის ერთსულოვნება კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ხვალ,“ – აღნიშნა მან.
წიკლაურის განცხადებით, დადგენილების პროექტი ეყრდნობა სამეცნიერო დასკვნებს და ასევე, გენოციდის აღიარების თაობაზე ჩერქეზული დიასპორების მიმართვებს საქართველოს პარლამენტისადმი.
19 მაისს დადგენილების პროექტი დიასპორის და კავკასიის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, კულტურის და ადამიანის უფლებათა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს, სადაც არცერთ დეპუტატს, მათ შორის არც საპარლამენტო უმცირესობიდან, საწინააღმდეგო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამოუხატავს.
მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის“ თვალსაზრისით.
"საქართველო, რომელიც ცდილობს და ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს გამოვიდეს საბჭოთა და რუსული პროპაგანდის სივრციდან, ის ცდილობს წარმოაჩინოს და წინ წამოწიოს ისტორია ისეთი, როგორიც ის არის და არა ისტორია ისეთი, რომელიც გაყალბებული სახით ჩვენ თავს მოგვახვიეს,“– განაცხადა გოკა გაბაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.
მისი თქმით, დადგენილების მიღება მნიშვნელოვანი იქნება თავად რუსეთისთვისაც „ისტორიული დანაშაულისგან“ გათავისუფლების თვალსაზრისით, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა და აღიარა „ჰოლოკოსტის დანაშაული“. „სწორედ ამ აღიარებას, სწორედ ამ გამიჯვნას ისტორიულ დანაშაულთან მოაქვს ის შესაძლებლობა, რომ ააშენო მომავალი თავისუფალი,“– აღნიშნა მან და დასძინა: „ჩვენ არ დავაჩქარებდის ამის მიღებას“, რომ რუსეთი, რომლის "დღევანდელი პოლიტიკაც ეფუძნება“ წარულ პრინციპებს, თავის "დანაშაულს" აღიარებდეს.
დეპუტატმა გია თორთლაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადა, რომ "ამაყია“ იმით, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება პირველი, რომელიც ჩერქეზთა "გენოციდს" აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა ჩატარდეს იმ ადგილას, სადაც ჩერქეზების "გენოციდი“ განხორციელდა.
"ცინიკურად იქ აპირებენ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას,“– განაცხადა მან, "ეს ოლიმპიადა არის ჩასაშლელი, ნებისმიერ ადგილას ჩატარდეს და და არა იქ. იმიტომ, რომ ოლიმპიური ქარტიით არ შეიძლება გენოციდის ადგილას და მასობრივი ჟლეტის ადგილას ჩატარდეს ოლიმპიური თამაშები“.
თორთლაძემ ასევე განაცხადა, რომ "არავითარ შემთხვევაში“ არ შეიძლება ჩერქეზთა გენოციდის აღიარებაზე „შეჩერება“ და ჩეჩნების საკითხიც "ასეთივე პათოსით უნდა გაგრძელდეს“. ჩეჩნების "გენოციდის" აღიარების საკითხი ასევე განიხილება საკანონმდებლო ორგანოში.
დეპუტატმა ოპოზიციიდან, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ის "მორალურად“ მხარს უჭერს ჩერქეზი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, თუმცა "ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული პოზიციაც, თუ რა მოყვება ამ გადაწყვეტილებას“ და ამიტომ "მიჭირს ამის მოწონება“. მან მოუწოდა, რომ ჩერქეთა "გენოციდის" საკითხი საკანონმდებლო ორგანოს განეხილა იმ მიმართვებთან ერთად, რომლებშიც საქართველოს პარლამენტს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი განადგურების ”გენოციდად” ცნობას თხოვენ.
სომხების საკითხის წამოწევის საპასუხოდ, გოკა გაბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მივესალმებით ჩვენი ორი ყველაზე კარგი მეზობლისა და მეგობრის [სომხეთის და თურქეთის] ურთიერთთანამშრომლობას და საბოლოო ჯამში მათ ერთობლივ სვლას იმ ისტორიულ სიმართლემდე, რაც იყო მათ შორის პრობლემა“.
დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ "ძალიან გაბედული ნაბიჯია“ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება და ეს არის "ერთიანი კონსენსუსის საგანი“. თუმცა მან მოუწოდა მმართველ პარტიას ამ გადაწყვეტილების დროებით გადავადებისკენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან პოზიციების შეთანხმების მიზნით.
ამ მოწოდების საპასუხოდ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ საქართველო სუვერენულად იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა ასევე აღნიშნა: „არცერთი მნიშვნელოვანი მეგობარი არ არის რაიმე სახის საინფორმაციო ვაკუუმში... და ამიტომ ეს [ჩერქეზთა გენოციდის აღიარება] არავისთვის სიურპრიზი არ იქნება“.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატმა ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება, „რაც ვიცით, რომ გარკვეულ რისკებსაც შეიცავს“, იქნება "სამართლიანი" და "ღირსეული“. ასევე მმართველი პარტიიდან მისმა კოლეგამ, რატი სამყურაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია“.
საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ხშირად წყდებოდა დამსწრეთა აპლოდისმენტებით, ასევე გამოვიდნენ ჩაერქეზული დიასპორების წარმომადგენლები და მიესალმნენ საქართველოს "ვაჟკაცურ“ გადაწყვეტილებას.
კომენტარი