ქართველმა სასულიერო პირებმა მოსკოვში პეტრე ბაგრატიონის ძეგლი აკურთხეს (ვიდეო)
როგორც ინტერფაქსი იტყობინება, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ქართველმა სასულიერო პირებმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით მოსკოვში რესტავრირებული პეტრე ბაგრატიონის ძეგლი აკურთხეს. ძეგლი კუტუზოვის პროსპექტზე მდებარეობს და მისი რესტავრაცია მოსკოვის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა.
კურთხევის ცერემონიალში მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი, გოჩა ძასოხოვი მონაწილეობდნენ. სობიანინმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისადმი მიმართვა წაიკითხა, მას გიორგობა მიულოცა და მშვიდობა უსურვა.
„სანამ მოსკოვში არის ბაგრატიონის ძეგლი, სანამ გვაქვს რუსთაველის პროსპექტი, სანამ თბილისში ყოველ მეორე–მესამე ადამიანს შეუძლია პუშკინის, ლერმონტოვისა და ესენინის ციტირება, მანამ ჩვენ ერთმანეთს ვერსად გავექცევით“, – თქვა ძასოხოვმა.
ერთ–ერთი რუსული ვებ–გვერდის, "vz.ru ("ვზგლიადი")" ცნობით კი, პეტრე ბაგრატიონის ძეგლი თავად საქართველოს პატრიარქმა აკურთხა და სიტყვაც წარმოთქვა:
"ეს ძეგლი სულ ცოტა ხნის წინ იქნა რესტავრირებული და დღეს ჩვენ ვხედავთ პროფესიონალიზმის შედეგს", – "ვზგლიადის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეს სიტყვები ილია მეორემ კურთხევის ცერემონიალზე წარმოთქვა და მოსკოვის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ხალხთა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისთვის.
რუსული ტელეარხებით გადაცემულ ვიდეოსიუჟეტიდან ჩანს, რომ ძეგლის კურთხევაში თავად პატრიარქს მონაწილეობა არ მიუღია. ქართველი სასულიერო პირების მხრიდან ცერემონიალი არქიმანდრიტმა ვახტანგ ლიპარტელიანმა ჩაატარა.
კომენტარი