სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან ვარკეთილში მოკლულები და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2 ადამიანის სასტიკი მკვლელობა თბილისში - "პირველებისთვის" ვარკეთილში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდების მეგობარი, იური კალანდარიშვილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები კარის მეზობელსა და მის მეგობარს მიაყენა.

ირკვევა, რომ ნიკა არჩვაძე მაშინ მოკლეს, როცა ის მეგობართან, მხატვარ, ბაჩო ბაშარულთან სტუმრად იმყოფებოდა.

სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზად ერთ-ერთი ვერსიით მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც მეზობლები "პირველების" კორესპონდენტს უყვებიან, კამათი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული იური კალანდარიშვილი მეზობლის სახლიდან გამოსულმა ხმაურმა შეაწუხა, რის გამოც მეზობელს გაფრთხილება მისცა. რამდენიმე წუთში კი სავარაუდო დამნაშავემ სანადირო თოფიდან გაისროლა და ახალგაზრდა კაცები მოკლა.

მკვლელობის მეორე ვერსიად კი ეჭვიანობა სახელდება. ვარკეთილის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კონფლიქტი კარის მეზობლებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. კერძოდ, ეჭვმიტანილმა საკუთარ მეუღლეზე იეჭვიანა, რის შემდეგაც მსხვერპლებს უმოწყალოდ გაუსწორდა.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ იური კალანდარიშვილმა პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

"პირველების" კორესპონდენტის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს იური კალანდარიშვილის სახლში მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ, რომლებიც საზარელი ფაქტის შემსწრენი გახდნენ.

მეზობლების განცხადებით, მკვლელობაში მხილებული კაცი ყოფილი ძალოვანია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ კალანდარიშვილი მოქმედი პოლიციელი არ არის.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100