სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ინიციატივა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს ერთობლივი ინიციატივა გააცნეს, რაც ალკოჰოლის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სააქციზო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.


იმ შემთხვევაში, თუ საკონიაკე სპირტის მწარმოებლის მიერ ამ სპირტის მიწოდება ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელზე მოხდება, რომელიც აქციზურ პროდუქციას აწარმოებს, საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით აღარ დაიბეგრება.


სააქციო შეღავათების დაწესების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში წარმოებული საკონიაკე სპირტის შეძენისას, საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადს (1 ლიტრზე 4.60 ლარი) აღარ გადაიხდიან.


„ამ ცვლილების შედეგად, ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს საკმაოდ დიდი ოდენობის კაპიტალი გამოუთავისუფლდებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ წარმოება, აითვისონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები და თამამად გაუწიონ კონკურენცია უცხოურ კომპანიებს“, აღნიშნა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


სააქციზო შეღავათების დაწესებით ადგილობრივი წარმოების საკონიაკე სპირტზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს. ეს კი, კომპლექსურად და პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოში მეღვინეობა–მევენახეობის განვითარებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100