სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბეჰემოთი და საზოგადოება

ასეთი ტიპის წერილი არასოდეს დამიწერია, თუმცა რაც თავი მახსოვს ჩვენს ქალაქშიც არ მომხდარა ასეთი რამე. ამიტომ ჩემი ეს ნაწერი მეტწილად მოსმენილ რამეებზეა აწყობილი და თუ კონკრეტული ფაქტები უზუსტოა, შემინდეთ.
დიდი აფეთქების თეორია სტივენ ჰოკინგის ყოფილა, არ ვიცი რას ამტკიცებს ის თავის თეორიაში, მაგრამ მე ის ასე წარმომიდგენია: მოხდა ენერგიის ამოფრქვევა, აფეთქება და შეიქმნა დედამიწა. და რო ვფიქრობ იგივე მეჩვენება საზოგადოებასთან მიმართებაში. საზოგადობის ფორმირებაც ხომ სწორედ ასე ხდება ყველგან, დიდი აფეთქების შედეგად, ჯერ აფეთქება და მერე საზოგადოების რეაქცია, მისი პასუხი ამ მოვლენას. და თუ აფეთქება არასწორია, მცდარია საზოგადოება კი დუმს, საზოგადოება არ არსებობს.
იცით როგორც დაიწყო მარტინ ლუთერ კინგის არაძალოდობრივი წინააღმდეგობა? როგორც ამბობენ ავტობუსში ასული დაღლილი და ცუდ ხასიათზე მყოფი შავკანიანი საშუალო ასაკის ქალით, რომელმაც უარი განაცხადა თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილი დაეთმო. მაშინ ამერიკის სამგზავრო სისტემაში ასეთი წესი ყოფილა, თუ შენ შავკანიანი ხარ და ავტობუსში თავისუფალი ადგილი არის, შეგიძლია დაჯდე, მაგრამ რა ასაკის, სქესის ან რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო, თუკი რომელიმე გაჩერებაზე თეთრი ამოვა, უნდა ადგე და ადგილი მას დაუთმო. ჰოდა, იმ ზანგ ქალს ეტყობა მაგრად ჰქონდა ყელში ამოსული რაღაცეები, ალბათ ჯიუტიც იყო, გაბრაზებულიც და დაღლილიც და რომ ამოვიდა თეთრი მგზავრი, არ დასვა, არ ავდეგბიო და დაიჭირეს. ამერიკის შავკანიანმა მოსახელობამ ბოიკოტი გამოუცხადა ავტობუსებს და ექვსი თუ რვა თვე, ან შეიძლება მეტიც, ფეხით იარა და კანონი შეიცვალა, იმიტომ რომ ავტობუსების კომპანიებმა გაკოტრება დაიწყო და აი, მანდ არის ჩემი სათქმელი.
რადგან დღეს, მე, ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცმა ჩემს ქალაქში პირველად მივიღე მონაწილეობა ისეთ ამბავში (და არ მინდა ეს ამბავი ისეთი ბანძი სიტყვით წავბილწო, როგორიც ჩვენში არის „აქცია“), რომელმაც მაგრად გამითბო გული, დამაიმედა და დამანახა, მიუხედავად იმისა რომ წყალმა წაგვიღო წყალწაღებულები საერთოდ არ ვართ.
რა ვქენი ეგეითი? არაფერი, მე ჩემმა ძმამ, ლუკამ და ჩვენმა ძმაკაცმა ბაბამ, ხილიანზე ახალ გზასთან ვიმუშავეთ მთელი დღე და უცნობ ადამიანებთან ერთად ვათრიეთ კუნძები, ნაფოტები, ფესვები და ხეების გადანაჭრები. და რა იყო აქ მაგარი? ის რომ გულანთებული მოქალაქეები იმდენი ვიყავით, რომ ერთმანეთს ხელს ვუშლიდით მუშაობაში და ისე ვგლეჯდით სხვებს კუნძებს და სიმძმეებს, თითქოს ტრაქტორის რკინის კოვშში ჩაგდებული ამ ჩვენი ერთი ნაკუწით ვეხმარებოდით უსახლკაროდ დარჩენილ იმ ადამიანებს მერიის ფულით ნაქირავებ გესთჰაუსებში რომ უნდა გაეთენებინათ ღამე. კიდე ის იყო ძაან მაგარი, რომ იქ ყველა ჩუმად და ბეჯითად მუშაობდა, როდესაც მივედით და ხეების ზიდვას შევუდექით, არავის დაუწყია „ჯიგრები ხართ ძმებო! ქართველებო!“ არ ყოფილა წილხვედრობა, სადღეგრძელოები და უნუკალური გენის ზეობა, ჩავდექით და როგორც სხვებმა ისე დავიწყეთ მუშაობა. ის რომ ირგვლივ მეტ-წლად ახალგაზრდობა გვეხვია და ის რომ ჩვენი ტოლი, უფრო დიდი და უფრო პატარა გოგო-ბიჭები, უხმოდ, დაუღალავად ეზიდებოდნენ მდინარით ჩამოტანილ ხეს და ღორღს, ეზიდებოდნენ სხვებისთვის, საკუთარი ქალაქისთვის, ყველაზე მეტად კი (და რაც ყველაზე მაგარია) საკუთარი თავისთვის. რამდენიმე კომპანია (სახელები არ ვიცი თორემ აუცილებლად ვიტყოდი) მომუშავეებს რეზინის ხელთათმანებით, წყლით, საკვებით ამარაგებდა, გმირთა მოედანზე პიცაც ჩამოუტარებიათ, ვიღაცეებმა ტანსაცმელი მიუტანეს უსახლკაროდ დარჩენილებს, ვიღაცეებს ცხოვლები შეეცოდნენ ადამიანებზე მეტად, ვიღაცეებს პირიქით და აი, ეგ იყო ძალიან მაგარი, რომ მე პირველად დავდექი უცხო ხალხის გვერდით (რომელიც საერთოდ არ მეჩვენა უცხოდ), ისე რომ ერთი პოლიტიკური განცხადება არ გამიგია.
და სწორედ ამიტომ ვახსენე ჰოკინგი და დიდი აფეთქება, იქნება ეს, ჩვენს ქალაქს თავს დამტყდარი უბედურება იყოს ის დიდი აფეთქება, რომელმაც შესაძლოა გამოაღვიძოს ჩვენი მიძინებული საზოგაოდეობა, მისი ისეთი დაბაკლოსანებული, მძინარე წევრიც კი როგორიც მე ვარ, მოწამლული ჩვენებური ფეხზემკიდიაობით, ნასტავლი ხალხი ნიჰილიზმს რომ ეძახის, გამოგვაფხიზლოს ადამიანები, რომელებსაც არასოდეს არაფერს გვეკითხებოდნენ, რომელბსაც გვგონია რომ ვერაფერს შევცვლით და გვავიწყდება დალაი ლამას უმაგრესი სიტყვები: თუ შენ გგონია რომ ერთ კაცს არაფერი არ შეუძლია, სცადე და კოღოსთან ერთად დაიძინეო!
თუმცა აქვეა ამერიკული ავტობუსი და შავკანიანების პროტესტი. გულანთებულობა და ერთი, ან თუნდაც რამდენიმე დღე ერთად დგომა, ხომ არ ნიშნავს რომ შენი საზოგადოება უკვე ჩაამოყალიბდა. არ დაგვავწიყდეს ისტორიულად ჩვენ ის ერი ვართ, რომელმაც უამრავი ბრძოლა მოიგო და თითქმის ვერც ერთი ომი, თუკი ომი ბრძოლა არ იყო. და სწორედ აქ მიჩნდება კითხვა საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან და არა სხვასთან, რადგან ჩემთვის პირველ რიგში საზოგადოება ვარ მე: კი მაგრამ, რამდენად შორს შემიძლია წავიდე? რამდენად მიზანმიმართულად და ღრმად შემიძლია საკუთარი მოქალქეობრივი პროტესტის გამოხატვა? რამდენ სიამოვნებაზე შემიძლია ვთქვა უარი სიმართლის დასამტკიცებლად? და მეყოფა ამისთვის ძალა და გამძლეობა? მეყოფა გამძლეობა იმისა რომ მოშიებულზე უარი ვთქვა და არ შევიდე იმ რესტორნების, ან სწრაფი კვებების თუნდაც უგემრიელეს ქსელში, რომელიც წამდაუწუმ გვეუბნება რომ ჩვენი რესტორანია, რომ ჩვენს გვერდითაა, გვართმევს ზოგი იაფს, ზოგი ძვირს, ზოგიც ძალიან ძვირს და იმ დროს, როდესაც ქალაქში ასეთი ამბავია, ხალხი უსახლკაროდაა, ფეხზეა და დილიდან-დაღამებამდე მუშაობს, არსად ჩანს, ისე თითქოს სირაქლემაა და მიწაში ჩაეყოს თავი. მაქვს იმის ძალა რომ მოწყურებულზე და გაოფლილზე უარი ვთქვა ბრენდულ ცივ, ტკბილ გაზიან სასმელზე? რომელიც მიყვარს, მაგრამ ასევე ვერსად ვნახე დღეს. ან დილას პახმელიაზე გამოღვიძებულმა დავლიო ერთი მინერალური გაზიანი წყალი, რომელიც დღეს დავლიე და არ დავლიო მეორე, რომელსაც თურმე განუცხადებია, საწყობი გვაქვს დაკეტილი და ამიტომ ვერ მოგაწვდით ჩვენს პროდუქციასო? და თუ მე ეს არ შემიძლია, მე ვერასოდეს ვეტყვი სახელმწიფოს უარს იმაზე რომ არ დაამახინჯოს ქალაქი, არ გაანადგუროს ისტორიული ძეგლი, მე გავალ ქუჩაში მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიჭერენ ჩემიანს, მე ვერ მოვთხოვ საკუთარ სპეცსამსახურებს წარმიდგინონ დამამტკიცებელი საბუთები დაძინებული იყო თუ არა ზოპარკიდან გაქცეული ცხოველი, როდესაც ის მოკლეს, მე ვერ გავბედავ გავაპროტესტო პატრიარქის სიტყვები და ვუწოდო მის გამოსვლას ის, რაც მინდა რომ ვუწოდო: „დაუფიქრებელი!“, მე შევჭამ გემრიელ რესტორანში, მე დავლევ ტკბილ ბრენდულ გაზიან სასმელს, მინერალურ წყალს, მე ავალ იმ ავტობუსში, რომელშიც არ ავიდა ამერიკის შავკანიანობა და მე არ ვიქნები საზოგადოება. მე უფრო ის ბეჰემოთი ვიქნები დღეს გმირთა მოედნის ქვეშ რომ იდგა დაბნეული და საყვარელი, დიდი, ღონიერი, მძიმე ბეჰემოთი, ჯერ დამაძინებელი რომ ესროლეს და მერე უკითხავად წააცუხცუხეს თავისი გალიისკენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100