ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს
პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„ძმა, ლიდერი, მოძრაობის ლიდერი, მოჯაჰიდ ისმაილ ჰანიე, დაიღუპა სიონისტების თავდასხმის დროს მის შტაბ-ბინაზე თეირანში, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში“, - ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები ჰამასის განცხადებას.
ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა. კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველიც. ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც ჰამასის ლიდერი დაიღუპა.
ჰანიას გარდაცველებასთან დაკავშირებით ისრაელის ხელისუფლება დუმს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-ატაშე კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ სოციალურ მედია X-ზე მხოლოდ ის დაწერა, რომ IDF „სიტუაციას აფასებს“.
ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე პირდაპირ სარაკეტო იეირიშს ემსხვერპლა, ეს ინფორმაცია დაუდასტურებელია.
პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მკვლელობა მკაცრად დაგმო და საპასუხო ზომები დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ ჰანია "ჰამასის" ის ლიდერია, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად გადაღებულ კადრებში ჩანს.
კომენტარი