აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან განკურნების გზა
ლუდომანია ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ზალიან გვერცელებული პრობლემაა, ამიტომ გთავაზობთ მისგან განკურნების მეთოდებს, რომლებიც ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს.
პირველი ნაბიჯი - ფაქტის აღიარება. მკურნალობა თამაშზე დამოკიდებულების აღიარებით იწყება. საკუთარ სისუსტეზე საუბარი ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს უჭირთ ეს მამაკაცებს. ნუ მოინანიებთ ვინმეს დასანახად; ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის უნდა იყოს გამიზნული. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ხაფანგში გაება.
მეორე ნაბიჯი - თანადგომა. თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დაავადებულმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა იგრძნო. ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია, დახმარება სჭირდება და ამისთვის უკან არაფერზე დაიხიოთ, თუნდაც თავს შეურაცხყოფილად გრძნობდეთ. გაუგებრობა და სკანდალები მუდამ თან ახლავს ამ მდგომარეობას და ამას გაგებით უნდა მოეკიდოთ. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს იმის გაცნობიერებაში, ამგვარი საქციელით ვის და რას კარგავს. მან უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: "რისთვის ვცხოვრობ? ნუთუ იმისთვის, რომ უსულგულოდ ვიდგე სათამაშოOავტომატის წინ და ასე გავატანო ქარს საკუთარი და ოჯახის წევრების, ძვირფასი ადამიანების, შვილების ბედნიერება და კეთილდღეობა?" ბევრი, თამაშზე დამოკიდებულების კლანჭებში მოქცეული, ვერც კი ამჩნევს, როგორ იზრდებიან მათი შვილები. დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ შეგიძლიათ აპატიოთ დანაკარგი, რომ ფული მოდის და მიდის, მთავარი ადამიანია.
მესამე ნაბიჯი - სპეციალისტთა დახმარება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებლად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების: ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის - დახმარება. მკურნალობის დაწყებამდე როგორც პაციენტის ახლობლებმა, ისე თავად პაციენტმა უნდა ირწმუნონ, რომ დამოკიდებულებას დაამარცხებენ. სპეციალისტების დახმარება განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, როდესაც ადამიანი თავად ვერ ხვდება, როგორ ვარდება ტრანსში. ყველაფრის წაგების შემდეგ ბევრს არც კი ახსოვს, რა მოხდა, როგორ აღმოჩნდნენ სათამაშოOდარბაზში, რამდენი ჰქონდათ ფული და რამდენი წააგეს. ფიზიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს თავდაცვითი მექანიზმია - მოთამაშე მეხსიერებიდან შლის უსიამოვნო მოგონებებს. ტრანსში ჩავარდნილი ადამიანისთვის არ არსებობს დრო და ობიექტური რეალობა; იგი თავად ვერ გრძნობს, რომ თამაშზეა დამოკიდებული.
მეოთხე ნაბიჯი - მიზეზის პოვნა. აუცილებელია მივაგნოთ თამაშზე დამოკიდებულების თავდაპირველ მიზეზს, რადგან მხოლოდ შედეგთან ბრძოლით მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. მიზეზის დადგენისა და მისი აღმოფხვრის გარეშე თამაშდამოკიდებულებისგან განკურნების შემდგომ შესაძლოა ადამიანს სხვა, არანაკლებ საშიში დამოკიდებულება განუვითარდეს, მაგალითად, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან, სულაც, კომპიუტერული დამოკიდებულება. ზოგჯერ ამის მიზეზი შინ თუ გარეთ არსებული პრობლემებისგან გაქცევის სურვილია, ზოგი ამ გზით უბრალოდ სტრესს ებრძვის, თავდავიწყებას ესწრაფვის. მცდარია აზრი, რომ ასეთი რამ მხოლოდ სუსტებს ემართებათ - ამ ხაფანგში ხშირად საკმაოდ ძლიერი პიროვნებებიც ებმებიან, განსაკუთრებით კი მამაკაცები. ქალს სტრესის მოსახსნელად ტირილი და მეგობრის წინაშე გულის გადაშლაც ჰყოფნის, მამაკაცები კი პრობლემებს ვერავის უმხელენ და მოჯადოებულ წრეში ხვდებიან: ერთი პრობლემა მეორეს იწვევს და ასე... ამიტომ თამაშზე დამოკიდებულების თავიდან აცილების საუკეთესო გზა პრობლემებზე საუბარი და ახლობლებისთვის გულის გადაშლაა. ლუდომანიის მკურნალობის აუცილებელი რგოლია ფსიქოთერაპია, ამასთან, მკურნალობა უნდა წარიმართოს კომპლექსურად. აუცილებელია, ლუდომანი მოსცილდეს ჩვეულ წრეს, ახლებურად შეხედოს თავის ცხოვრებას, თვალი გადაავლოს საკუთარ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტის შერჩევა. ნუ ენდობით ექიმბაშების "გამოცდილებას", თამაშზე დამოკიდებულება "ჯადოსა" და "ავი თვალის" ბრალი არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, ამიტომ პრობლემის მოგვარებაში ჯადოქრები და შამანები ვერ დაგეხმარებიან. მით უმეტეს ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც დახმარებას ერთი მანიპულაციით დაგპირდებათ - ასეთი სასწაულები არ ხდება.
ლუდომანია, როგორც ყველა სხვა ფსიქიკური დაავადება, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ნებისმიერმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა გაცილებით უარესი შედეგი გამოიღოს. ახლობლებს და ოჯახის წევრებს კი გირჩევთ: მკურნალობის შემდეგ ნუ გაახსენებთ ლუდომანს წარსულს და ნურც ჩადენილის გამო უსაყვედურებთ. ნუ ეცდებით მისი ფსიქიკური მდგრადობის გამოცდას - ამით შესაძლოა თავად მოახდინოთ მისი ხელახალი პროვოცირება. ეცადეთ, მასთან ერთად წარსული თქვენც ცუდი სიზმარივით დაივიწყოთ.
კომენტარი