ანტიქართული ფილმის ჩვენების შემთხვევაში ბაქოელები კინოთეატრს ბოიკოტით დაემუქრნენ
Facebook-ის აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გამოჩენილი აქტიურობით აიძულეს ბაქოს ერთ–ერთი პრესტიჟული კინოთეატრი Park Cinema, უარი ეთქვა 21 თებერვალს დაგეგმილი, რუსების მიერ გადაღებული ფილმის „2008–ის აგვისტო“ ჩვენებაზე. ფილმი რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ მთლიანად რუსულ ვერსიებზეა აგებული და ანტიქართულ პროპაგანდას წარმოადგენს.
კინოთეატრმა და აზერბაიჯანულმა ტელევიზიებმა ფილმის ჩვენება 21 თებერვალს დაანონსეს. ბაქოს ქუჩებში გჩნდა ფილმის სარეკლამო აფიშები, რეკლამა და ანონსი ჩაიდო რადიოშიც. ფართოდ დაანონსებიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანში ანტიქართული ფილმის საწინააღმდეგო კამპანიაც დაიწყო.
„ფეისბუქში“ აქტიურობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ყველა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ უარი თქვა „2008–ის აგვისტოს“ დაანონსებაზე, ქუჩებიდან ჩამოიხსნა ყველა აფიშა, კინოთეატრმა Park Cinema–მ შეცვალა პროგრამა და არათუ გადადო, საერთოდ უარი თქვა ანტიქართული ფილმის ჩვენებაზე. რუსული პროპაგანდის აზერბაიჯანული პრემიერა ჩავარდა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის ფილმს სომხეთშიც.
„ფეისბუქში“ გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც უამრავი რიგითი მოქალაქე და ინტელიგენციის წარმომადგენელი შეუერთდა, ნათქვამი იყო, რომ ამ სურათის ჩვენება დაუშვებელია აზერბაიჯანში, „რომელმაც ასევე განიცადა აგრესია რუსეთის მხარდაჭერით“. ისინი თვლიან, რომ ფაიზიევის ფილმი „ამართლებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ათასობით ქართველის საკუთარი სახლიდან გაყრასა და რუსეთის ჰეგემონიას სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც ცნობილია, რუსი რეჟისორის ჯანიკ ფაიზიევის ფილმში ხელისუფლების მხარდაჭერით ფილმისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა – 500 მილიონი რუბლი ჩაიდო, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ფილმი 16 მილიონი დოლარი დაჯდა. ფილმი ერთგვარი „სპეცპროექტია“ და ფილმის შემქმნელებსა და ხელისუფლებას უკვე ესმით, რომ დახარჯულ თანხას ვერ ამოიღებენ, მაგრამ დაჟინებით ცდილობენ, დანახარჯის 50% მაინც ამოიღონ.
„Искусство кино“-ს მთავარი რედაქტორი დანილ დონდურეი მიიჩნევს, რომ რუსული „პირველი არხის“ მცდელობის მიუხედავად, ფილმი 10–15 მილიონ რუბლზე მეტს ვერ ამოიღებს: „გინდაც, „პირველი არხი“ ყურებზე დადგეს და ფილმს 10-15 მილიონი შეჰმატოს. ისეთი ამონაგები, როგორიც ფილმ „ვისოცკის“ ჰქონდა, არ იქნება და ამ ფულს ვერასოდეს ამოიღებენ. ახალგაზრდები ამ ფილმს არ უყურებენ, რადგან მათი თემა არ არის.“
„2008-ის აგვისტო უკვე“ უკვე მეორე ფილმია, რომელიც 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთში გადაიღეს. პირველი, „Олимпус инферно“ სასწრაფოდ, საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და ისიც, რა თქმა უნდა, ოფიციალური პროპაგანდის ნაწილი იყო: ამერიკელები ქართველ სამხედროებს შორის, გადარეული ქართველები ტანკზე, რომლებიც ავტომანქანას ცხრილავენ…
რუსეთმა ამ ომის თემაზე 2009 წელს კიდევ ერთი ფილმის გადაღება მოინდომა და შეატანხმა კიდეც ემირ კუსტურიცასთან. რეჟისორი ცხინვალშიც იმყოფებოდა, თუმცა, ბოლო მომენტში მან „სხვა კონტრაქტის“ არსებობა მოიმიზეზა და ფილმის გადაღებაზე უარი თქვა.
კომენტარი