გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება - დავით ჭიჭინაძე
"ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე, დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ განცხადებას "facebook"-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. დავით ჭიჭინაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეიქრიშვილის ოჯახში დეპუტატობის კანდიდატის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მათ დახმარება შეთავაზა. "დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ამ დღეებში დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო ფეიქრიშვილის ბრალდების შესახებ, თითქოს ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა მათთან სახლში და არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარება, ანუ მისი შვილის გათვისუფლება შესთვაზა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემთვის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებისა და მისი ოჯახის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ამ დღეებში მედიის საშუალებით ვრცელდება. წარმოდგენა არ მაქვს არც მათი მისამართის, არც კავშირების და არც იმის შესახებ თუ როგორ შეიძება "დამეხმარონ არჩევნებში". მესმის ოჯახსი მძიმე მდგომარეობა და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც შეიძლება მართლაც ცდილობდეს მათ შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალბატონმა ნინომ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და პირადად მე იმ პირის შესახებ, რომელიც თითქოსდა "ჩემი წარმომადგენელი" იყო. პირადად ვარ დაინტერესებული გავარკვიო სიმართლე და გავიგო, ვინ ცდილობს ოჯახის შეცდომაში შეყვანას. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე ქალბატონ ნინოს და მასთან ერთად გავარკიო ეს გაუგებრობა. მესმის რომ გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ვუსურვებ მათ სამართლიან გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს",- წერს სოციალურ ქსელში დავით ჭიჭინაძე. (რ)
კომენტარი