საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზები, ნატო-საქართველოს ურთიერთობისთვის დამანგრეველი იყო - გიოტმიოლერი
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს.
როუზ გიოტმიოლერი, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას 2016-19 წლებში იკავებდა და როგორც ამ რანგში, ასევე, მანამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოს არაერთხელ ესტუმრა. გიოტმიოლერი „ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ დღევანდელი ვითარების გამო ძალიან წუხს და ამბობს, რომ "ეს არ არის საქართველო - ნატოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რაზეც ის ოცნებობდა"
დიდ ყურადღებას ვუთმობ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ვიცი, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, ცოტა ხნის წინ, გააუქმა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო. მიზეზი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს ყველაზე უცნაურ, მე ვიტყოდი, ეჭვებს, რომ თითქოს, როგორღაც, ნატო, დასავლეთი, საქართველოს ხელისუფლების დამხობას და საქართველოს პლაცდარმად გამოყენებით, ომის მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება. ვფიქრობ, სწორედ ეს უსაფუძვლო ბრალდებებია, რის გამოც თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ამ წვრთნების შეჩერება. საქართველოსგან ასეთი დაშორება ხდება არა მხოლოდ ნატოს, არამედ ასევე ევროკავშირის კონტექსტში. ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან დასანანია.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოში ჩემი ბოლო ოფიციალური ვიზიტი 2019 წლის ოქტომბერში შედგა. ბათუმში მთელი ჩრდილოატლანტიკური საბჭო და ნატოს ყველა მუდმივი წარმომადგენელი წავიყვანე. ფანტასტიკური ვიზიტი იყო. ჩვენ ვნახეთ ნატოს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა საქართველოს სანაპირო დაცვასთან და ყველა სამუშაო, რასაც ნატო საქართველოს სანაპიროების დაცვის უზრუნველსაყოფად აკეთებდა. ასე რომ, დღევანდელი ვითარების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს არ არის საქართველო - ნატოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რასაც მე ვიცნობდი.
იმედი მაქვს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ნატოსა და საქართველოს შორის ასეთ ინტენსიურ და მჭიდრო პარტნიორობას.
უდავოა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგიდაზე უნდა დარჩეს. ეს ჩემი იმედია, მაგრამ რა არის რეალობა? ვფიქრობ, რეალობა ნამდვილად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ვიცი საქართველოს მთავრობის განწყობები და რა თქმა უნდა, მისი პროპაგანდისტული ხაზები, ამ ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი მომავალი რეალობა, - გაგრძელდება თუ არა ჯანსაღი, პრაგმატული და ინტენსიური ურთიერთობა, ნატოსა და საქართველოს შორის", - აცხადეს როუზ გიოტმიოლერი.
კომენტარი