„ვიფიქრე, რომ უფალმა ისევ წარღვნით გადაწყვიტა მეორედ მოსვლა...“ – ღვარცოფი ახმეტაში
ახმეტის რაიონის სოფლები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ დააზარალა. წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, ვენახები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, დაზარალდა მოსახლეობა, რომელსაც წყალმა შინაური ცხოველები და ფრინველები მოსტაცა.
საბედნიეროდ, სტიქიის შემოტევა ადამიანთა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. განსაკუთრებით დაზარალდა ახმეტის რაიონის სოფელი მატანი, სადაც მოვარდნილმა ღვარცოფმა მოსახლეობის უმრავლესობას სახლები დაუტბორა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, საათნახევრის განმავლობაში მათ სახლებსა თუ ეზოებში აქაფებულუ ღვარცოფი მოდიოდა, რომელიც ირგვლივ ყველაფერს წალეკვით ემუქრებოდა. „საათი დავინიშნე. ზუსტად საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ჯოჯოხეთი, თანაც, არა და არ თენდებოდა. ვიფიქრე, მეორედ მოსვლა ისევ წარღვნით გადაწყვიტა უფალმა–მეთქი, ვიჯექი სხვენზე და ველოდებოდი გათენებას. როცა იატაკზე დავდგი ფეხი, თავი ზღაპარში მეგონა: ჩემს სახლში თითქმის არცერთი ნივთი არ იყო დარჩენილი და რაც დარჩენილი იყო, არაფრად ვარგოდა. ასე გავხდი საათნახევარში თითქმის უსახლკარო. არც საქონელი მყავს, არც ფრინველები“, – ამბობს 67 წლის ნელი ვარდიაშვილი და ამატებს, რომ ასეთი წვიმა და ღვარცოფი სოფელში არავის ახსოვს.
ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა, ამ დროისათვის მათი ნაწილი უკვე აღდგენილია. ახმეტაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობს.
კომენტარი