ბოტანიკურ ბაღს მზიან დღეებში 300-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს
"ბოტანიკურმა ბაღმა 400 მეტრის ტერიტორია შეიერთა და ამჯერად ბაღის დირექციის უახლოესი გეგმა ამ ტერიტორიაზე ლამაზი ბაღის მოწყობაა",_ აცხადებს ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე თემურ ნაკაიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, დღეისთვის ბაღის თანამშრომლები ახალ მცენარეთა გამოყვანაზე მუშაობენ, რაც ადგილობრივ სანერგეში ხორციელდება.
ნაკაიძის თქმით, ბოლო დროს საზღვარგარეთიდან მცენარეების შემოტანა შემცირებულია, რადგან მეზობელ ქვეყნებთან კონტაქტები ნაკლებია.
ამასთან, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ბაღის ადმინისტრაცია ბავშვთა დაცვის დღეს, 1-ელ ივნისს კვლავაც უფასოდ უმასპინძლებს პატარებს.
"ტრადიცია გვაქვს, რომ 1-ელ სექტემბერსა და 1-ელ ივნისს პატარებს უფასოდ ვუმასპინძლოთ, რაც წელსაც გაგრძელდება. თუმცა ბაღამდე ასასვლელი გზა პრობლემატურია და იგი სარემონტო სამუშაოს საჭიროებს", _ აღნიშნა ნაკაიძემ.
ნაკაიძის თქმით, ბოტანიკურ ბაღს მზიან დღეებში 200-300-მდე ვიზიტორი ჰყავს, წვიმიან დღეებში კი მათი რიცხვი ნაკლებია. ზამთარში კი სულ 20-25 ადამიანი სტუმრობს.
შეგახსენებთ, ბოტანიკურ ბაღში 3500 მცენარის სახეობაა, მათ შორის, 700-მდე ადგილობრივი სახეობაა _ წიწვოვანი, მერქნიანი და სხვა ჯიშის მცენარეები.
კომენტარი