სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The Guardian: დასავლეთ ბერლინში ინგლისურად მოლაპარაკე „მაუგლი“ გამოჩნდა

ბერლინში მდებარე ბრიტანეთის საკონსულო ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს გერმანელ სამართალდამცველებს, და დაადგინოს მოზარდის ვინაობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ტყეში ცხოვრობდა. სიტუაციას ის ართულებს, რომ „მაუგლის“ განცხადებით, ყველა მისი ახლო ნათესავი გარდაცვლილია.

ბიჭუნა, სახელად რეი, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს, ხოლო თავისი მისამართი და ასაკი ზუსტად არ იცის, ბერლინელ პოლიციელებს გასულ კვირას წარუდგა და განუცხადა, რომ 5 წლის გნმავლობაში მამასთან ერთად ტყეში დახეტიალობდა და როცა მშობელი მოულოდნელად დაიღუპა, კომპასის მიხედვით ორიენტირება და ხალხში დასახლებულ პუნქტამდე მიღწევა შეძლო, სადაც თავიდანვე პოლიციელი მოძებნა და „ჩაბარდა“.

მოზარდი ჰყვება, რომ დედის სიკვდილის შემდეგ მამამ დარჩენილი სიცოცხლის მოგზაურობაში გატარება გადაწყვიტა და თან წაიყვანა. ამის შემდეგ ისინი არასდროს დარჩენილან დიდხანს ერთ ადგილას: ტყიდან ტყეში მოგზაურობდნენ, არასდროს გადიოდნენ დასახლებულ პუნქტებში და ღამეებს კარვებსა და გამოქვაბულებში ათევდნენ.

რეის თქმით, ორი კვირის წინ მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. მოზარდი ჰყვება, რომ მამა სახელდახელოდ გაჭრილ, არცთუ ღრმა საფლავში ჩააწვინა და ადგილი ქვების გროვით მონიშნა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ცივილიზაციას დაბრუნებოდა.

პოლიციის დეტექტივებმა უკვე მიმართეს ინტერპოლის ადგილობრივ ბიუროს, რათა მოზარდის ვინაობა დაადგინონ. პირველ რიგში, იმით დაინტერესდებიან, ხომ არ არის ყმაწვილი საერთაშორისო ძებნილი. ინტერპოლი იმის დადგენასაც ცდილობს, არის თუ არა დაახლოებით 15–16 წლის ბიჭი ბრიტანეთის მოქალაქე.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დიდი ხნით უჩინარდებიან ხოლმე. ასე მაგალითად, სექტემბრის დასაწყისში ინტერპოლის წარმომადგენლებმა კრასნოიარსკის მხარეში 23 წლის ბრაზილიის მოქალაქე გოგონა იპოვეს. მასზე ძებნა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოცხადდა. როგორც გაირკვა, ბრაზილიელი კრასნოიარსკიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, ციმბირის ტაიგაში, სტაროვერების გარემოცვაში ცხოვრობდა. იგი მამამ რუსეთში მაშინ ჩაიყვანა, როცა 19 წლის იყო, მოგვიანებით კი მშობელი კანადაში გაემგზავრა და უსტინა ჩერნიშეფი მარტო დატოვა. 4 წლის განმავლობაში უსტინა პატარა ქოხში ცხოვრობდა, სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობდა და სტაროვერების დავალებით კერჟაკების წმინდა წიგნებს იწერდა.

რაც შეხება ბერლინში გამოჩენილ თანამედროვე „მაუგლის“, მისი ვინაობის გარკვევის მიზნით ფოტოები სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებს უკვე დაეგზავნა და ინტერპოლის ადგილობრივი ბიურო პასუხებს ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100