"ჟვანიამ გვითხრა, სიტყვას გაძლევთ, ჩემი პრემიერობისას ხუდონჰესი აშენდებაო"
სახელმწიფოს მხრიდან ხუდონჰესი ამ ეტაპზე, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ერთადერთ საშუალებად განიხილება. ექსპერტები, რომლებიც ამ პროექტში ჯერ კიდევ წლების წინ იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ ხუდონჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გედენიძე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გაპრემიერების შემდეგ თავად ზურაბ ჟვანიამაც კი აქტიურად დაიწყო ხუდონჰესის მშენებლობის ლობირება.
დიახ, უნდოდა ზურა ჟვანიას ხუდონჰესის აშენება და ახლა მე მაგას გეტყვით დეტალურად. ვარდების რევოლუციის შემდეგ, სწორედ იმ ოთახში, სადაც სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი დალია, იქ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკოსებს ზურაბ ჟვანიასთან. ბევრი მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ ამის მოწმე ცოცხალი ადამიანებიც არიან: მაგალითად ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ელიზბარ ერისთავი, ნოდარ ჭითანავა, ზურაბ მინდელი, მე აგერ ცოცხალი ვარ...
სანამ თავად ზურაბ ჟვანია გამოვიდოდა სიტყვით, მანამდე გამოიყვანა ანზორ ჭითანავა, რომელმაც ისაუბრა ხუდონთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ზურაბ ჟვანია და თქვა: თქვენ ჰიდროელექტრიკოსები მე მაბრალებთ ხუდონის გაჩერებას, მაგრამ კაცურ პირობას გაძლევთ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ხუდონჰესის მშენებლობას დავამთავრებო.
კიდევ ერთსაც გეტყვით, გარდა ამისა, მე და ელდარ შენგელაია ერთად ვმოღვაწეობდით ერთ-ერთ ფირმაში. ელდარი ძალიან ახლოს იყო ზურაბ ჟვანიასთან და მიყვებოდა, რამდენი დაბადების დღეს ვულოცავ ზურას, იმდენი ხუდონჰესს ვახსენებდიო და ყოველთვის მპასუხობდა, რა გამიჭირეთ საქმე, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და შემეშალა და კონსულტანტებიც არ გვყავდა მაინცდამაინც კარგიო.
ასე რომ, როცა სახელმწიფოებრივი პრობლემები დააწვა ზურგზე პრემიერ-მინისტრს, მაშინ იგრძნო, რომ ენერგეტიკა საჭიროა...," _ აცხადებს ზურაბ გედენიძე.
კომენტარი