„ვიდრე ჰხვალთ, სოსო და ლუკა?“ – ერთი უცნაური მსვლელობის ისტორია
რამდენიმე დღის წინ სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომელიც ინტერნეტსივრცეში განსჯის, ზოგან ქილიკის მიზეზიც გახდა. ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით გელათიდან თბილისის მიმართულებით ფეხით დაიძრნენ სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე.
მართალია, გაუგებარი დარჩა, რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ეს მარშრუტი, რას ისახავს მიზნად პროტესტის მაინცდამაინც ამ ფორმით გამოხატვა, რა კავშირშია ერთმანეთთან ფეხით სიარული და მოქალაქეობის მიღება–არმიღება, მაგრამ სამაგიეროდ, ყველამ გაიგო (მათ შორის ივანიშვილმაც, თუ დავუშვებთ, რომ მანამდე არ იცოდა), რომ კურტანიძემ და ჯაჭვლიანმა ამ „ტირან“ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადეს.
შესაძლოა, ბატონმა ლუკამ და ბატონმა სოსომ, კიდევ მრავალმა მათმა მომხრემ არ იციან, ან იციან და არ სურთ იმის გაგება, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსად არის მუხლი „მოქალაქეობის ჩამორთმევის“ შესახებ. მოქალაქეობას საქართველოში ვერავინ ვერავის ჩამოართმევს და, შესაბამისად, არც ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამოურთმევიათ.
პროცედურა, სინამდვილეში, სულ სხვაგვარია: საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას (მოქალაქეობიდან გასვლას), თუკი დადასტურდება, რომ მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა ავტომატურად მაშინ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, როცა საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ხოლო ის, რომ საფრანგეთის მოქალაქე გახდა, მისსავე განცხადებაში იყო აღნიშნული. შესაბამისად, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. პროცედურა ითვალისწინებს მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსთვის (ისევ ქვეყნის შიგნით და არა საერთაშორისო სასამართლოებში) მიმართვას, რაც უკვე გაკეთდა და პროცესი ჩაინიშნა კიდეც – ის 5 დეკემბერს შედგება. ამავე დროს, რეგიონების ჟურნალისტებთან შეხვედრისასას გაკეთებული განცხადების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას აპირებს, ბიზნესმენს ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ასე რომ, „მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას, კარდაკარ სიარულს, ხელმოწერის სანაცვლოდ ფულადი თანხის დარიგებას, დაპირებებს, რომ ვინც ხელს მოაწერს მოთხოვნას, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში კარგად იცხოვრებს და, მით უმეტეს, გელათიდან თბილისისკენ ფეხით გამოსეირნებას არანაირი აზრი არა აქვს – ყველაფერს თავისი იურიდიული ფორმა აქვს. რაც შეეხება ფეხით მსვლელობას, ლუკა კურტანიძის ჯანის პატრონს აბა, რა გააციებს, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანი, ალბათ, უფრო ფრთხილად უნდა იყოს...
კომენტარი