სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბონზოს გარდაცვალება - LED ZEPPELIN-ის დასასრული

1980 ტრაგიკული წელი გახდა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. ბევრი როკ-ვარსკვლავი გარდაცვლილა, ბევრი დაღუპულა უდროოდ და უამრავ მოყვარულს მუსიკისას დასწყვეტია გული. მაგრამ, 1980 წელი, მით უმეტეს, ამ წლის ბოლო თვეები, განსაკუთრებულად ტრაგიკული აღმოჩნდა მუსიკის მოყვარულთვის. უეცრად დამთავრდა ორი ეპოქა... მოკლეს ჯონ ლენონი, თანამედროვე მუსიკის ისტრიაში განუმეორებელი მოვლენა, დამთავრდა ოცნება ბითლზის აღდგენისა, ცოტა ხნით ადრე კი დაიღუპა ჯონ ბონემი (John Henry Bonham), მეტსახელად ბონზო, ლედ ზეპელინის დრამერი და დამთავრდა ეპოქა ლედ ზეპელინისა.

ჩვენ ვიცით სხვა ჯგუფები, რომლებიც ხშირად ცვლიდნენ წევრებს და მაინც აგრძელებდნენ არსებობას. ჩვენ ვიცით ისტორიები ერთმანეთთან დაპირისპირებისა მუსიკალური ჯგუფების წევრებს შორის, ვიცით სკანდალები და სასამართლოები. ლედ ზეპელინი კი ოთხი განსაკუთრებული ადამიანის, უნიჭიერესი შემოქმედის, მუსიკის ოთხი რეფორმატორის. ოთხი ნამდვილი ვარსკვლავისა და მეგობრის - ჯიმი პეიჯის, რობერტ პლანტის, ჯონ პოლ ჯონსის და ჯონ ბონემის ერთიანობა იყო, რა თქმა უნდა, პროდიუსერთან, პიტერ გრანტთან ერთად, რომელიც უნიჭიერესი კაცი და კარგი მეგობარი იყო მათთვის, ლედ ზეპელინის მუსიკოსებისათვის. ამიტომ შეუძლებელი გახდებოდა ბონზოს შეცვლა.

დრამერებს ხშირად არასერიოზულად უყურებენ. ზოგი თვლის რომ დრამი, დასარტამი ინსტრუმენტი მხოლოდ ერთგვარი დამატებაა და მეტი არაფერი, რომლის გარშეც შეიძლება მუსიკის არსებობა, ან ნებისმიერი, თუნდაც საშუალო ნიჭის დრამერი საკმარისია კარგი მუსიკის შესაქმნელად, მთავარია რომ სხვა მუსიკოსები იყვნენ მაგრები - რაც არასწორია, რაც ნამდვილად არ არის მართალი. უძველესი, პრეისტორიული ხანიდან დაწყებული, დრამი, დასარტყამი ინსტრუმენტი მუსიკის ჩამოყალიბების სათავეებთან დგას. დასარტყამი ინსტრუმენტი ქმნის რიტმს, ისევე როგორც სამყაროს აქვს რიტმი. მუსიკაც ერთგვარი რიტმია სამყაროსი. არასდროს არ იქმნება მუსიკა შემთხვევით. საუბარი მაქვს ნამდვილ მუსიკაზე.

წარმოიდგინეთ, ქართულ ხალხურ მუსიკას, განსაკუთრებით საცეკვაოს, რომ გამოაკლდეს დოლი... რამდენად ავსებს დოლის რიტმები მისიკას და რამდენად გავლენიანად ქმნის დოლის ხმა მას. როგორი მნიშვნელობა აქვს დასარტყმელ ინსტრუმენტს მარშებისათვის...

თანაც, ბონზო მხოლოდ დრამერი არ ყოფილა, ის ჯგუფის ორგანული ნაწილი იყო, მისი სიცოცხლის ერთი ოთხ ელემენტთაგანი. როგორც სამყარო ოთხი ელემენტისაგან შექმნილად ითვლება, ისე ოთხი ელემენტისაგან იყო შექმნილი ლედ ზეპელინი…

სხვათა შორის, მუსიკის მკვლევარებმა დიდი დრამერის სიკვდილის შემდეგ შეამჩნიეს, რომ ბონზოს დაკვრა, დრამის რიტმი, სულ ოდნავ უსწრებდა თურმე საერთო რიტმს ლედ ზეპელინის მუსიკისა. ზოგიერთის აზრით, ეს ჰგავს აფრიკელი შამანების ოსტატობას, რომლებიც ახერხებდნენ ადამიანების ფსიქიკაზე ზემოქმედებას. ჩემი აზრით, კი ეს ნიშნავს, რომ ბონზო ლედ ზეპელინის მუსიკალური რიტმის ლიდერიც იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას და ის წარუძღვებოდა პრაქტიკაში, სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, ლედ ზეპელინის ჯადოსნურ მუსიკას. ეს ალბათ ასეც უნდა იყოს.

ბონზო განსაკუთრებული იყო დრამერებს შორის. ის ჟურნალ Classic Rock-ის მიხედვით, ასევე სხვა გამოკითხვებით, აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო დრამერად. ეს ერთგვარად პირობითია, რადგან კიტ მუნი, ჩარლი უოტსი, იან პეისი, რინგო სტარი და სხვები არ ყოფილან ნაკლები ტალანტისა და ტექნიკის, მაგრამ მაინც, ბონზო პირველ ადგილზე დაასახელეს...

ბონზოს უყვარდა ბუნება, ცოლ-შვილი, ოჯახური სითბო, მამულში მუშაობა, ხვნა, რემონტის კეთება თავისი ხელით. უყვარდა გართობა, მოტოციკლი, მანქანა… რა თქმა უნდა, უყვარდა მუსიკა, მეგობრები…

მისი შეცვლა შეუძლებელი იყო. დაკარგული, გამქრალი ელემენტი შეუცვლელი იქნებოდა, ვერ მოიძებნებოდა სამყაროში. როცა ერთად შეიკრიბნენ ძველი ზეპელინები ერთხელ, უკვე წლების მერე, დრამზე ისევ ბონემი დასვეს... ჯეისონ ბონემი - ბონზოს ვაჟი… სხვა ვერავის ვერ წარმოედგინა ლედ ზეპელინის დასარტყამ ინსტრუმენტთან.

25 სექტემბერი ჯონ ბონემის გარდაცვალების დღეა. 1980 წლის 25 სექტემბერს ბონზომ ძალიან ბევრი დალია. ჯიმი პეიჯთან იყვნენ კლევერში, უინძორის საგრაფოში. დილით ჯიმიმ აღმოაჩინა, რომ ბონზო გარდაცვლილიყო. ეს იყო უბედური შემთხვევა, ის დაახრჩო გულის რევამ. მაშინ მხოლოდ 32 წლის იყო.

ყველა ელოდა, რომ ლედ ზეპელინი აიყვანდა ახალ დრამერს, განა შეიძლებოდა ასეთი ჰარმონიის დასრულება? მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, ლედ ზეპელინი ოთხი ელემენტის ჰარმონია გახლდათ და ბონზო შეუცვლელი იყო. სხვა დრამერები, იქნებ სხვა სიტუაციაში კარგად გამოდგებოდნენ, მაგრამ არა ლედ ზეპელინის წევრებისათვის, არა იმ ჰარმონიისათვის, რომელსაც ოთხი გენიოსი ქმნიდა, შესისხლხორცებული ერთმანეთს. მართალია, იმ წლებში, როცა ბონზო ლედ ზეპელინში უკრავდა, სხვებთანაც ჩაუწერია მუსიკა, მაგრამ, ის იყო მხოლოდ ერთ-ერთი ლედ ზეპელინიდან (ერთ-ერთი „ზეპელინგი“ („ზეპელინგები“), როგორც ადრე უწოდებდნენ თბილისში).

ასეც გადაწყდა, როცა ცოტა აზრზე მოვიდნენ ბონზოს სიკვდილით გაოგნებული და თავზარდაცემული მისი მეგობრები, განაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად და მუსიკის ისტორიაში ჩასაწერად:

„გვინდა ვაუწყოთ ყველას, რომ ჩვენი დიდი წუხილი ძვირფასი მეგობრის დაკარგვის გამო და განუყოფელი ჰარმონიის შეგრძნება, რაც ვეღარ გვექნება, გვარწმუნებს, რომ როგორც ჯგუფი, ვეღარ ვიარსებებთ„ - Led Zeppelin

ლედ ზეპელინის ეპოქა დამთავრდა ჯონ ბონემის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან ერთად. დამთავრდა ეპოქა ჯგუფისა, თორემ Led Zeppelin-ის მუსიკის ეპოქა დაუსრულებლად გაგრძელდება, მანამ, სანამ იარსებებს გემოვნებიანი ადამიანი, სანამ იარსებებს დედამიწა...

... იქნებ მერეც, კოსმოსში ახალმა ცივილიზაციამ იპოვოს Led Zeppelinის ჩანაწერები...

ჯონ ბონემზე და Led Zeppelin-ზე საუბარი ჩვენ სხვა დროსაც გვექნება, დღეს კი მოვუსმინოთ ბონზოს დიდოსტატობას - Moby Dick.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100