მარსზე იმიტაციური, რუსული გაფრენის მონაწილეები გამოიფიტნენ
ბოლო დღეებში უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარსზე გაფრენის იმიტაციის რუსული ექსპერიმენტის მონაწილეები გამოიფიტნენ და რამდენიმემ ექსპერიმენტის დატოვებაც განიზრახა, თუმცა, რუსული მედია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ „მარსი–500“–ზე ყველაფერი რიგზეა.
წითელ პლანეტაზე გაფრენის იმიტაციური გაფრენის ექსპერიმენტში ( ,,მარსი–500“) მონაწილეები, ერთფეროვანი ცხოვრებით დაიღალნენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ერთმანეთში კარგი ურთიერთობები შეინარჩუნეს და არც პროექტის დატოვების სურვილი აქვთ, – ამის შესახებ ინტეფრაქსს ექსპერიმენტის ტექნიკურმა დირექტორი ევგენი დემინმა განუცხადა.
,, მთელი 464 დღე–ღამის განმავლობაში მონოტონურობა, რა თქმა უნდა, ყოველ წუთს გვახსენებს თავს. გარე სამყაროსაგან იზოლაცია და ყოველდღიური რუტინა, რომელიც კვლევებისას მეორდება, ეკიპაჟს არაფერით არ იზიდავს და აღაფრთოვანებს,“–განაცხადა დემინმა.
,,მაგრამ მათ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ექსპერიმენტის ბოლოს, ყველაფერი ასე დამთავრდებოდა და მონაწილეებში ტავს იჩენდა დაღლილობა. მითუმეტეს, ეს წმინდა ფსიქოლოგიური დაღლაა და ის მათ ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს,“– განაცხადა ექსპერიმენტის ტექნიკურმა დირექტორმა.
ეკიპაჟს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის ციფრულ ფორმატში ეგზავნებოდა ფილმები, მუსიკა და საინფორმაციო პროგრამების ჩანაწერები. ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის სპეციალისტები, მათი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობდნენ ეკიპაჟის წევრების სურვილები აესრულებინათ.
,,ჩვენი ფსიქოლოგები და მათი კოლეგები ევროპული კოსმოსური სააგენტოდან იმაზე საუბრობენ, რომ ეკიპაჟმა მთავარი შეასრულა – მათ ჯგუფის ერთიანობისა და კოლექტივში მეგობრობის შენარჩუნება შეძლეს. ექსპერიმენტის მონაწილეებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს,“–აცხადებს ევგენი დემინი.
მისი თქმით, ექსპერიმენტის დასრულებამდე ორი თვე დარჩა, თუმცა არცერთ მონაწილეს მისი დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს. ,,ამდენი ხნის განმავლობაში, იმისთვის ხომ არ იმყოფებოდნენ იზოლაციაში რომ ბოლოს ექსპერიმენტი დაეტოვებინათ,“–აცხადებს დემინი.
დემინის თქმით, მონაწილეების იზოლაციიდან გამოსვლით პროექტი არ მთავრდება, რადგან ისინი ამის შემდეგ, მთელი ერთი თვის მანძილზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, ასევე მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო კვლევის შედეგების კვალიფიცირებაში, რომელიც თავად განახორციელეს ექსპერიმენტის დროს.
რამდენიმე ხნის წინ, პროექტ ,,მარსი–500“–ის დირექტორი ბორის მორუკოვი, მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კოსმოსური ფრენების ასოციაციის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე იმიტირებული გაფრენის მონაწილეებმა, დაღლილობა მხოლოდ დედამიწაზე ,,დაბრუნებისას“ გამოავლინეს. ,,ეკიპაჟი დაიღალა. ისინი იმყოფებიან ,,ფრენის“ ყველაზე ძნელ ფაზაში,“–განაცხადა მორუკოვმა.
როგორც ცნობილია, ექსპერიმენტის მონაწილე ექვსი ადამიანი, გარე სამყაროსგან იზოლირებულად უკვე 464 დღეა ცხოვრობს.
ექსპერიმენტმა ,,მარს–500“–მა სტარტი 2010 წლის 3 ივნისს აიღო. ექსპერიმენტი სამ ეტაპს ითვალისწინებს: ,,გადაფრენა“ დედამიწიდან მარსზე, მარსის ზედაპირზე გადასხდომა და ,,დაბრუნება“ დედამიწაზე. ამჟამად ექსპერიმენტი ბოლო სტადიაზეა. ,,მარსიალების“ დედამიწაზე დაბრუნება 2011 წლის 5 ნოემბერს იგეგმება, თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია, როდის შედგება რეალური რუსული გაფრენა მარსზე ან, შედგება თუ არა იგი საერთოდ...
კომენტარი