სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ ჯარისკაცთა ცხედრებით გასკანდალებულები ანუ თერნალი და თერნალელები

მაშინ როცა:

რჩეული ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში დაღუპვით გამოწვეული სევდა და გულისტკივილი ჯერაც არ განელებულა;

ქართველი ბიჭების ცხედრები ჯერაც არ გაცივებულა;

ავღანეთში 21 თებერვალს დატრიალებული ტრაგედია სრულიად საქართველოს აიძულებს, იქ წასული ქართველი ბიჭების ბედზე, მათ უსაფრთხოებაზე იფიქროს –

არიან ადამიანები, რომლებმაც ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებაზე მაშინვე დაიწყეს ფიქრი, როცა ამ ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი.

ფიქრიც არის და ფიქრიც: რამდენი უნდა უნდა იფიქრო ადამიანმა, რომ ისეთი ამაზრზენი რამ მოიფიქრო, რაც ამ ადამიანებმა მოიფიქრეს და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, ძირითადად, ივანიშვილის გუნდში მოკალათებულებმა ან მოსაკალათებლად გამზადებულებმა ვერსიად შესთავაზეს საზოგადოებას:

ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ არა 21, არამედ 20 თებერვალს, როცა ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, თუმცა, ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებამ დამალა, რადგან ასე რომ არ მოქცეულიყო, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ავღანეთში სათანადოდ ვერ გაპიარდებოდა...

ფიქრიც არის და ფიქრიც...

თავდაპირველად იყო ირაკლი სესიაშვილი და ვერსია ესე იყო მას თანა – სააკაშვილმა ამერიკელებთან ერთად დაგეგმა ოპერაცია და სავარაუდოდ, სწორედ ამ ოპერაციის დროს დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები...

სესიაშვილმა მოგვიანებით თავისი სიტყვები უკან წაიღო და მოიბოდიშასავით – ემოციური ფონის გავლენის ქვეშ ვიყავი, როცა ვთქვიო, მაგრამ, როგორც იტყვიან, „საბრძოლო დროშა“ ძირს არ დაშვებულა – ესტაფეტა არაპოლიტიკოსმა, მაგრამ პოლიტიკოსთა ნაწილის იდეურმა მამა–ბლოგერმა, დაუჯერებელი ლოგიკით (შეუსაბამობაა? მის შემთხვევაში – სულაც არა...) აღჭურვილმა, წიაღსვლების მეფემ და რეალობის ჩოქმბჯენში, მკითხველის კი პირღიად დატოვების მოყვარულმა სოლომონ თერნალმა გადაიბარა და სენსაციის ძნელად დასაპყრობ, მაგრამ მისთვის ადვილად დასაძლევ მწვერვალს „ღირსეულად“ აუყვა...

აბა, თერნალი რაის თერნალი იქნებოდა, წინამორბედისთვის არ ეჯობნა და მან „საქმეში“ საქართველოში აშშ–ის საელჩოც გაიყვანა – თურმე, საელჩომ „მიიმწყვდია კუთხეში ქართული მხარე“, თორემ ის არც აპირებდა ქართველი ბიჭების დაღუპვის ფაქტის აღიარებას. მეტიც – თერნალს თუ დავუჯერებთ, საელჩომ ხელიც კი შეუწყო სააკაშვილს, დაემალა ბიჭების დაღუპვის რეალური თარიღი – თერნალისა და თერნალელების მტკიცებით, 20 თებერვალი და საელჩოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმარს თარიღი არ დაუსვა, უნებურად სააკაშვილი რომ არ ემხილებინა...

თერნალს რა დაღლიდა, მაგრამ მის საშველად პოლიტიკური წონაც იყო საჭირო და ქაჯების პირველმა „მტერმაც“ არ დააყოვნა. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მიტინგებზე სიმღერის დროს დაამტკიცა, რომ უნიკალური სმენა აქვს და, როგორც კი ავღანეთთან დაკავშირებული ფაციფუცის ხმა შემოესმა, საჭირო ბმულებს სასწრაფოდ, ცალი თვალით გადახედა და მაშინვე აუბა მხარი თერნალიადას:

„20-ში გარდაიცვალენ ჩვენი ჯარისკაცები ანუ იმ დღეს როცა სააკაშვილი ადგილზე იმყოფებოდა.... ეს დაუმალეს ქართველ ხალხს ...“ – დაწერა მან „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე. სალომე ზურაბიშვილმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, საკუთარ სიტყვებს ISAF-ის მისიის ვებგვერდის ბმული, დაურთო, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, მისთვის მამხილებელი უფროა, ვიდრე მისი ვერსიის დამდასტურებელი...

რა წერია ISAF-ის მისიის ვებგვერდზე და რა მოხდა სინამდვილეში

სინამდვილეში 20 თებერვალს ავღანეთში სამი სამხედრო პირი მართლაც დაიღუპა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია ISAF-ის მისიის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. მიღებული წესების თანახმად, ინფორმაციაში არ იყო მითითებული არც დაღუპულთა ეროვნება (ქვეყანა) და არც მათი ვინაობა. მაგრამ მითითებული იყო რეგიონი:

ISAF casualties
2012-02-C-020

For Immediate Release

KABUL, Afghanistan (Feb. 20) – Three International Security Assistance Force service members died during an operation in western Afghanistan today.

It is ISAF policy to defer casualty identification procedures to the relevant national authorities.

სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, სავარაუდოდ, ეს ბმული 22 თებერვლის შემდეგ დაათვალიერა, წესით, ამ ინფორმაციის ქვემოთ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ინფორმაციაც უნდა ენახა, სადაც წერია:

ISAF casualty
2012-02-C-024

For Immediate Release

KABUL, Afghanistan (Feb. 21) – Three International Security Assistance Force service members died following an improvised explosive device attack in southern Afghanistan today.

It is ISAF policy to defer casualty identification procedures to the relevant national authorities.

წესით და რიგით, სანამ ამხელა ბრალდებას წაუყენებს ხელისუფლებას, პოლიტიკოსმა საპირისპირო უნდა დაუშვას და გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს ამ საპირისპიროს მტკიცებულება. ამ შემთხვევაში ზურაბიშვილს მტკიცებულება იქვე ჰქონდა, იმავე ბმულზე.

და თუ ისიც იცოდა, რომ ქართული ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაშია და ეს პროვინცია არა ავღანეთის დასავლეთში, არამედ სამხრეთში მდებარეობს; და თუ იმასაც მოიშველიებდა, რომ ნატოს ასე ჰაიჰარად არ ეშლება რეგიონები, იმასაც უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ თემაზე ტყუილს მოკლეზე მოკლე ფეხები ექნებოდა – მაგრამ ესტაფეტა ოხერი რამეა, თანაც, თერნალიადის ესტაფეტას ხომ არ ეხუმრები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100