ქართველების შემდეგ რუსეთში ტაჯიკებს დაერივნენ
მოსკოვმა რუსეთის ტერიტორიიდან 100 ტაჯიკი მიგრანტი გააძევა. როგორც “რია ნოვოსტი” რუსეთის დიპლომატიური წრეებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, “ეს აქცია მოსკოვის იმ ასიმეტრიული პასუხის ნაწილია, რომელიც ტაჯიკეთში რუსი პილოტისთვის ვლადიმერ სადოვნიჩისთვის გამოტანილ განაჩენს უკავშირდება”.
პირველ ასეულ ტაჯიკთან ერთად, რომელიც ადრე კანონდარღვევის გამო იყო დაკავებული, 10 ნოემბერს მოსკოვში მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ტაჯიკეთის კიდევ 134 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც შესაძლოა, ქვეყნიდან ასევე გააძევონ.
პილოტები ვლადიმერ სადოვნიჩი და ალექსეი რუდენკო 8 ნოემბერს გაასამართლეს და თავისუფლების 8,5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სადოვნიჩი რუსეთის მოქალაქეა, რუდენკო კი - ესტონეთის. მფრინავებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე არასანქცირებულ დაფრენასა და კონტრაბანდაში ედებათ ბრალი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი გაძევების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2006 წელს იგივე ღონისძიებებს მათ მიმართეს ქართველების წანააღმდეგ. მაშინ ქართველებს პირდაპირ ქუჩებში იჭერდნენ, ქართველ სკოლის მოსწავლეებზე სპეციალურ სიებს ადჟგენდნენ, ქართველების კუთვნილ ბიზნეს ერთეულებში სპეცრაზმი შედიოდა და ხურავდა მათ, რესტორნებიდან და ბაზრებიდანაც კი ქართველების დევნა ხორციელდებოდა. შემდგომში ქართველების დეპორტაცია განხორციელდა მიუხედავად იმისა, იმყოფებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერად თუ უკანონოდ. დეპორტაციის დროს დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა.
კომენტარი