სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბესელიას და ბასიალაიას დაპირისპირება სოციალურ ქსელში

ბოლო მოწვევის პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის ამჟამინდელი კანდიდატი ბექა ბასილაია ერთმანეთს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ.

ბესელიამ ბასილაიას ნაციონალური მოძრაობის სამარცხვინო სახე უწოდა და პროკურატურაში მუშაობის პერიოდში „საქმეების თითხნაში“ დაადანაშაულა.

“არ გავხდიდი პასუხის ღირსად ამ უღირს, უავტორიტეტო, კომიკურ და მწამებელთა გუნდის სახეს ბასილაიას, რომ არ იყოს საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეები.

ეს ახალაიების და სხვა მოძალადეების ხელის ბიჭი ამ სურათებზე გამოსახულ საშინელ უსამართლობას და ძალადობას განასახიერებს, ეს არის ბექა ბასილაია!

კლანები და კორუმპირებულები უხვად ხართ შენ დამნაშავეთა გუნდში. რა გაგიკეთებია უკანონობის გარდა, როცა საქმიანობდი პროკურატურაში? შენ რომ მათ უსამართლოდ საქმეებს უთითხნიდი მე ვიცავდი ადამიანებს და ასობით ფოთელს მათ შორის თავისუფლება მოვუტანე.

რა გაგიკეთებია ერთი კეთილი საქმე იმის ფასი რომ ბიძინა ივანიშვილი შენი საძაგებელი გახდეს?

აღარ გავაგრძელებ , ამ ფოტოებს დახედე . შენ ერთი იმათგანი ხარ ვინც ჩვენს მოქალაქეებზე იძალადა და ფოთი გაგცემს პასუხს 8 ოქტომბერს !” - წერდა ბესელია ბასიალაის მისამართით.

პარლამენტარის ამ განცხადებას ბასილაია სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა.

„ეკა ბესელია მისთვის ჩვეული ცილისმწამებლური ტექსტით თავს დაგვესხა, რასთან დაკავშირებითაც ვუპასუხეთ მის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ნაცვლად პასუხის გაცემისა, ქალბატონი ეკა არაადეკვატურად, უწყვეტად აზიარებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოთი გავრცელებულ, მის მიერვე დაწერილ Facebook-სტატუსს. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩვენს გვერდზე დავწეროთ ის ტექსტი, რაზეც ეკა ბესელიას პასუხი არ გააჩნია.

ცხადია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან გაკეთებული ბოღმით სავსე ბოდვითი კომენტარი არაკომპეტენტურობასა და ღირებულებების უქონლობაზე მეტყველებს, მეტი კონკრეტიკისთვის კი:

1. ეკა ბესელია იცავდა ყაჩაღების, მკვლელების, მოძალადეების ინტერესებს, მაგრამ ამას განათლებული ადამიანი არ წამოაყვედრებს, იმიტომ რომ ადვოკატის პროფესია ესეთია, დაცვის უფლებით ნებისმიერი პირი სარგებლობს;

2. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიგი უგულავა პოლიტპატიმრადაა აღიარებული ყველა წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ. იყო თბილისის სინათლის და სისუფთავის ქალაქად მქცეველი მერის და ძალიან მაგარი ადამიანის გიგი უგულავას ადვოკატი ნამდვილად საამაყოა, განსხვავებით იმისა, რომ იყო დავით ნარმანიას თანაგუნდელი, ეკა ბესელიას თანაგუნდელობაც სამარცხვინოა;

3. შეთითხნილი და ჩაფარცხული საქმეების სამჭედლო ქართული ოცნების პროკურატურაა, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურა. ძალიან კი ცდილობთ ჩემს საქმიანობაში ხინჯი იპოვოთ, მაგრამ იცით, რომ სუფთა ვარ და ტრაფარეტულ ცილისწამებებს ვერ გასცდით. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გავეშებულად მებრძოლი პროკურატურა და სუსი მე, გიგი უგულავას ადვოკატს, ბრალს არ წამიყენებდა, რაიმე კანონდარღვევა რომ ჩამედინა?! ლოგიკას მოუხმეთ ქ-ნ ეკატერინე, ბოლოსდაბოლოს იურისტი ხართ;

4. რატომ არაფერს ამბობთ ფოთში თქვენს მიერ ფორმირებულ კლანზე?! ფოთის ბიუჯეტიდან მოპარულ ასეულ ათასობით ლარზე, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინტერესებზე სხვადასხვა ბიზნესებში?!

პ.ს. ფოთის მოქმედი მაჟორიტარი და ოცნების სიის მე-13 ნომერი ხართ და წინასაარჩევნოდ ფოთში ვერ ჩამოსულხართ, იმდენად მოატყუეთ ხალხი, იმდენად დიდია ფოთელებში ეჭვი, რომ კორუფციაში ხართ ჩაფლული. მე კი მთელი დღე კარდაკარ დავდივარ ჩემს ქალაქში და უამრავი ფოთელი იმედით მხვდება. მათ ვპირდები, რომ ფოთს ნამდვილი გულშემატკივარი ეყოლება პარლამენტში, ვპირდები რომ ბოლო 4 წლის უძრაობას და კორუფციას აღმშენებლობით და კანონის უზენაესობით შევცვლით.“ - წერს ბასილაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100