"ონლაინსესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ონლაინსესხების წინააღმდეგია და მაქსიმალურად შეზღუდვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია.
"მაქსიმალურად შეზღუდვა რომ არის საჭირო, ფაქტია. ონლაინსესხების მაქსიმალურად წინააღმდეგი ვარ, რადგანაც ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის. დეტალურად არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს, ალბათ, საკანონმდებლო რეგულაციებიც საჭიროა. თუ პარლამენტში მსჯელობა გაიმართება, ამ პოზიციით მსჯელობაში ჩავერთვები", - განაცხადა „პირWელთან“ საუბრისას ჟორჟოლიანმა.
ცნობისათვის, ონლაინსესხების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ონლაინსესხების აკრძალვის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდიც არის შექმნილი. გარდა ამისა, 24 მარტს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
ასოციაციის პოზიციით, ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაუსვეს შეკითხვა. ის ფიქრობს, რომ ონლაინსესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს.
კომენტარი