„სენიორ კალაძე, კარაბინერები გელოდებიან...“
გუშინდელ მეოცნებეთა მიტინგზე ბევრი გააკვირვა ფეხბურთში დუნე კახი კალაძის აგრესიულმა, ექსტაზამდე მისულმა ტონმა. მიტინგზე ერთმანეთს ჩუმად გადაულაპარაკეს კიდეც, ასე ომახიანად ამას ნაკრების ბიჭებისთვის რომ შეეძახა კაპიტნობის დროს, იქნებ, უფრო ნაკლები თამაშები წაგვეგოო. კალაძის აგრესიისა და ნერვიულობის სავარაუდო მიზეზი დღეს გახდა ცნობილი, რაც ყოფილმა ფეხბურთელმა, ალბათ, გუშინვე იცოდა - მხედველობაში გვაქვს დიდი საფეხბურთო სკანდალი იტალიაში.
როგორც იტალიური პრესა აცხადებს, ეს საფეხბურთო სკანდალი ერთ-ერთი უდიდესია იტალიის ფეხბურთის ისტორიაში: საქმე ეხება ათობით „ჩაწყობილ“ თამაშს, გოლებს რიკოშეტით და „უნებლიე“ ავტოგოლებს.
სკანდალში ჩართულია უამრავი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე თუ ფეხბურთის სფეროში დასაქმებული პირი. 61 დაკავებულიდან 56 მოქმედი ფეხბურთელია. 27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთა შორის ყველაზე ცნობადი სახეა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური. სამართალდამცველები ამ საქმეს ასევე ანტონიო კონტესა (ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი) და ერნან კრესპოს უკავშირებენ. 27 მაისს საქმეში გარეულთა სიაში კახი კალაძის გვარიც გამოჩნდა. არაა გამორიცხული, კალაძე კარაბინერებმა დასაკითხად იხმონ. სწორედ მსგავსი დაკითხვების შემდეგ ჩატვალეს ეჭვმიტანილებად ის ფეხბურთელები, რომლებიც ეჭვმიტანილის სტსტუსით „დაასაჩუქრეს“ და დააკავეს.
იტალიური პროკურატურა აცხადებს, რომ შეისწავლეს სატელეფონო საუბრები, ამოიღეს რამდენიმე სიმ-ბარათი და კახა კალაძის დაკითხვის გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს. ამის მიუხედავად, კახი კალაძის პრესმდივანი, ოთარ ჩრდილელი აცხადებს, რომ ყოფილ ფეხბურთელსა და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს არანაირი შეხება არა აქვს ჩაწყობილ თამაშებთან და არ გამორიცხავს, რომ კალაძის საწინააღმდეგო ინფორმაცია ამ კუთხით, შესაძლოა, შავი პიარის ნაწილი იყოს.
ისე კი, კაცმა რომ თქვას, მსგავსი მასშტაბური გამოძიება არც საქართველოს აწყენდა, განსაკუთრებით, სანაკრებო დონეზე და განსაკუთრებით, ავტოგოლებთან მიმართებაში...
კომენტარი