იზრუნე მომავალზე - „ფონდი ნატახტარი“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღას იწყებს
ფონდმა საქმიანობის ექვსი წლის შედეგები წარადგინა და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის გეგმები დასახა
„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და მომავალი გეგმები განიხილეს კომპანია „ნატახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუნეით არათიმ, კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა ომარაშვილმა. მათ მოწვეულ საზოგადოებას „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგები და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის დეტალები გააცნეს.
„ფონდმა ნატახტარმა ფუნქციონირება 6 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა დაახლოებით, 756 ათასი ლარი და დახმარება გავუწიეთ 300-ზე მეტი ბენეფიციარს. კომპანია „ნატახტარი“ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მანამდე, ვიდრე ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იქნება საზოგადოებაში,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
„საჭიროებების გათვალისწინებით, ვეხმარებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ეს იქნება თავშესაფრით უზრუნველყოფა, განათლებისა თუ კურსების დაფინანსება, გზის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ. ფონდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მოზარდი არის ცალკე აღებული „ქეისი” და მიდგომა თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურია. ჩვენს რეალობაში ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც სერვისსა და მომსახურებას არ წყვეტს, როდესაც მოზარდები 18 წლის ხდებიან. პროექტი მათ მიჰყვება მანამდე, სანამ ისინი მზად იქნებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის,” - აღნიშნა მანანა ომარაშვილმა.
კომენტარი