სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

24-26 ივნისს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, ახალგაზრდული კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო 2016" ჩატარდა, რომელშიც 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობა (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი).

საქართველომ ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლა.კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებდა დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირების, კინოპოსტერების შექმნის ვორკშოპებში.
ფესტივალის მსვლელობისას საქართველოს ეწვიენ ჯიფონის კინოფესტივალის წარმომადგენლები: ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი კლაუდიო გუბიტოზი, ფესტივალის პრეზიდენტი პიერო რინალდი და დირექტორის მოადგილე მარკო ჩეზარო.

ფესტივალის წამომადგენლები ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, ზურაბ მაღალაშვილს და ფესტივალის ქართული ანალოგის Giffoni Georgia ხელმძღვანელს ირმა ჯანჯღავას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვატორული პროექტების დანერგვის თვალსაზრისით.

ფესტივალის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა, იტალიელმა სტუმრებმა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა.

მოზარდებმა გამოავლინეს გამარჯვებული ფილმები - "Lore" და "Sanctuary", ფესტივალი კი ქართული პოპ დუეტის "SvanSikh" კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი" იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართულები. ჯიფონის კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო. წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც იტალიის ქალაქ ჯიფონიში სულ მალე გაიმართება, 12 ქართველი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას
„ჯიფონი-საქართველო 2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100