კახა კალაძე: შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
ამის შესახებ მან ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.
„ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობოს, უსახსრობის გამო, ადამიანები სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს, ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია“, - განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.
„მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.
კომენტარი