მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ განგაში გამოცხადდა
მეტროსადგურ ახმეტელის თეატრთან განგაში დაახლოებით ერთი საათის წინ გამოცხადდა. როგორც „დრონი“ ჯი-ს განგაშის გამოცხადების უშუალო თვითმხილველმა შეატყობინა, განსაკუთრებული ზომების მიღება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეტროში მორიგე პოლიციელთან მოქალაქე გამოცხადდა და უცნობი მამაკაცის მიერ ლიანდაგზე საეჭვო პარკის ჩაგდების შესახებ შეატყობინა.
„ლიანდაგზე დაცემის დროს წკარუნის ხმა გავიგონე, ახლოს ვიდექი - ისეთი ხმა იყო, რკინასთან რკინის შეხების დროს რომ ისმის ხოლმე“, - უყვებოდა მოგვიანებით თვითმხილველი მოქალაქეებს. მისი თქმით, მისი ეჭვი იმანაც გააძლიერა, რომ ლიანდაგებზე პარკის ჩაგდების შემდეგ ახალგაზრდა ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას და ესკალატორით სადგურის შემოსასვლელისკენ აბრუნდა.
შეტყობინების მიღების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სასწრაფოდ გამოიძახა მეტროში მორიგე დანარჩენი პოლიციელები, მეტროსადგურის შესასვლელი ჩაიკეტა და ბაქანზე მყოფი, დაახლოებით ოთხმოცი მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო.
მეტროსადგურის შესასვლელი დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. სადგურში მესანგრეები გამოცხადდნენ, რომლებიც სადგურში შევიდნენ, სავარაუდოდ, ტერიტორია დაათვალიერეს და უკან ამობრუნდნენ, რის შემდეგაც მეტროსადგურის შესასვლელი ისევ გაიღო.
არც მეტროს თანამშრომლებს, არც პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია. ამჟამად მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
კომენტარი