როგორ მოვაწყოთ ეფექტურად სტუდიოს ტიპის ბინა
სახლის მოწყობისას ყველაზე დიდი გამოწვევის წინ მაშინ ვდგებით, თუ ბინა პატარაა და სივრცე მაქსიმალურად ასათვისებელი. გასათვალისწინებელია კომფორტი, ვიზუალური მხარე და აუცილებელი დეტალები, რომლებიც საერთო ჯამში სრულყოფილი შედეგით დატკბობის საშუალებას მოგვცემენ.
თანამედროვე დიზაინერული
ხედვების წყალობით, საბედნიეროდ, მცირე ფართი პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ პრაგმატულობასა
და ორიგინალურობას ზომიერად შევურევთ ერთმანეთს იდეალურად კომფორტულ და ლამაზ სტუდიოს
ტიპის ბინას მივიღებთ.
პირველ რიგში ასეთი
ტიპის ბინების მოწყობა იწყება დაგეგმარებით, კარგად დაფიქრდით, რომელი სივრცეების გაერთიანება,
ან ერთმანეთისგან გამოყოფა გსურთ. გაითვალისწინეთ,
რომ თითოეული ზონა ერთმანეთისგან შეძლებისდაგვარად უნდა განსხვავდებოდეს, რათა რომელიმე
ოთახის ფუნქციური დანაკლისის განცდა არ შეიქმნას. ძალიან მნიშვნელოვანია კედლების ფერები,
სასურველია თუ არჩევანს ღია ტონალობებზე შეაჩერებთ, რადგან ასე უფრო მეტად გაჩნდება
სივრცის შეგრძნება. შეგიძლიათ ღია და თბილი ტონები მკვეთრი მხიარული ფერების
დეტალებითაც გადაახალისოთ, მოერიდეთ გადატვირთვას და უპირატესობა მაინც პასტელურ ტონებს
მიანიჭეთ. თუ რომელიმე ზონაში დომინანტ ფერს აირჩევთ აუცილებლად გადაანაწილეთ ამ ფერის
მცირე დეტალები სახლის დანარჩენ ნაწილებშიც.
გულდასმით შეარჩიეთ
აბაზანის მოსაპირკეთებელი მასალა, სტუდიოს ტიპის ბინებში, როგორც წესი დიდი სივრცით
არც ეს ნაწილი გამოირჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ კედლებს ზედმეტად დატვირთული
პრინტის მქონე მასალით არ მოაპირკეთებთ. იდეალური გამოსავალია, მცირე ზომის საშხაპე
და მინის ტიხარი, რაც სივრცეს შეგინარჩუნებთ.
შეიყვარეთ მინიმალიზმი,
მცირე ზომის ბინას ცალსახად არ უხდება ბევრი ავეჯი და უფუნქციო ნივთების სიჭარბე. თავიდან
მოიშორეთ ყველაფერი, რასაც არ იყენებთ, გამოიყენეთ ისეთი ავეჯი, რომელიც სივრცეს დაზოგავს,
მაგალითად ორსართულიანი საწოლი, გასაშლელი დივანი, შეიძინეთ ჟურნალების ისეთი მაგიდა,
რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიშლება. უპირატესობა მიანიჭეთ მულტიფუნქციურ ავეჯს.
სივრცეების გამოსაყოფად
გამოიყენეთ მინის ტიხრები, თაროები, სადაც წიგნებს დააწყობთ ან მაღალი მცენარეები.
სინათლისა და სივრცის გაორმაგებაში დაგეხმარებათ სარკეების სიმრავლე, განათავსეთ ისინი
ფანჯრების პირდაპირ, რათა სინათლე აირეკლონ. აითვისეთ კედლები, პატარ-პატარა საკიდებსა
და ღია თაროებზე ბევრი ნივთის შენახვას შეძლებთ.
და ბოლოს, რაც ყველაზე
მთავარია, სტუდიოს ტიპის ბინებს ძალიან უხდება ეგრეთ წოდებული „ძირითადი კედელი“ ადგილი,
რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს თქვენს შინაგან სამყაროსა და ხასიათს. თუ სახლის
დანარჩენ ნაწილში სივრცის გადატვირთვას მოერიდებით და ყოველ სანტიმეტრს მხოლოდ ფუნქციონალურად
გამოიყენებთ, ასეთ სისადავესა და პრაქტიკულობას აუცილებლად დაამშვენებს კედელი ხელოვნების
სხვადასხვა ნიმუშით, ან თუნდაც ყველაზე გამორჩეულპრინტიანი შპალერით.
კომენტარი