ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობის გაუქმებაზე უარი ეთქვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გაუქმებაზე უარი უთხრა.
აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ზვიად ესებუას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და მამუკა ჭაბაშვილმა მიმართეს.
როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმეში არ არის გამოვლენილი ახალი გარემოებები, ასევე დასაკითხი არიან მოწმეები და არსებობს საფრთხე, რომ მათზე ზეწოლა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის გაუქმება არ იქნება მიზანშეწონილი.
ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დაიკითხონ გიორგი ლოლუა და გიორგი ხოსრუაშვილი, რომლებიც 2005-2006 წლებში მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკურ დეპარტამენტში. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ უშუალოდ ჰქონდათ შეხება ვაზნების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ასევე, დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დააყენა, რაზეც უარი მიიღო.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივ გულგრილობაში. კერძოდ, ბრალდების თანახმად მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში შეძენილი იყო დიდი რაოდენობით უხარისხო ვაზნები.
შემდეგი სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 26 დეკემბერს გაიმართება.
კომენტარი