ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს „მეოცნებეობაზე“ უარი უთხრა
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ლევან ვასაძეს „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
ვასაძის პოლიტიკური გეგმების შესახებ ცნობილია, რომ მას აქვს სურვილი ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს, თუმცა ამ ეტაპზე ის ივანიშვილთან თანამშრომლობისგან თავს იკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ვასაძემ ბიზნესმენთან და პოლიტიკოსთან თანამშრომლობა არ ისურვა, ივანიშვილი მას მინანქრის ქარხნის ბიზნესის დათმობას აიძულებს.
ლევან ვასაძე არ აპირებს ფოკანის ქარხნის დათმობას, მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას სერიოზული ფინანსური პრობლემები გააჩნია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ბიზნესმენი არ აიძულებს ვასაძეს ფოკანის ქარხანა დაუთმოს.
„ეს არის გავრცელებული ჭორი. ივანიშვილმა უბრალოდ შესთავაზა ლევან ვასაძეს რომ დახმარებოდა ქარხანაში არსებულ ფინანსურ პრობლემებში".
რაც შეეხება ლევან ვასაძესთან ფარულ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებაში" გადასვლაზე მაია ფანჯიკიძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. პრესსპიკერი ამბობს, რომ არ სურს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა მან დაადასტურა, რომ ივანიშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ლევან ვასაძეს ორჯერ შეხვდა. რაზე ისაუბრეს ბიზნესმენებმა შეხვედრაზე ფანჯიკიძისთვის უცნობია.
კომენტარი