სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ქართული ნაოცნებარი”: ”აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის”

ამხელა ”ფილარმონია” ერი რომ ფილარმონიაში ვერ დაეტეოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან ფბ-ზე სხვადასხვა ჯგუფები და კონკრეტული პიროვნებები, ბერა ივანიშვილის მეთაურობით, ერის თავშეყრის ადგილად სწორედ ფილარმონიას ასახელებდნენ.

ერისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფილარმონიასთან უამრავი ადამიანი მივიდა. ”ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დარბაზმა ვერ დაიტია და პრეზენტაციას ფილარმონიის ჰოლში დამონტაჟებულ მონიტორებზეც ადევნებდნენ თვალს.

ოპოზიციის ლიდერებად წოდებული პოლიტიკოსების გარდა ფილარმონიაში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა რამდენიმე ოპოზიციური არხი.

ღონისძიება ბერა ივანიშვილის სიმღერით ”ოცნება ქართულით” გაიხსნა და დასრულდა. შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს მანანა კობახიძემ, კახი კალაძემ, ნაირა გელაშვილმა, გურამ ოდიშარიამ, რატი ამაღლობელმა, ბოლოს კი თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომლის დასახელებას ხანგრძლივი, აპლოდისმენტებში გადასული მქუხარე ტაში და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა...

რადგან მეტნაკლებად საინტერესოდ კახი კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრეს, სწორედ ამ ორ გამოსვლაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. კახი კალაძემ, როგორც ”ფეისბუქში” მწარედ იხუმრეს, ”აღიარებითი ჩვენება” მისცა და განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრებიდან წავიდა, მერე კი ხელისუფლება ”მოსმენების ჩვეულებრივ ამბად გადაქცევასა” და ”ეკლესიის დევნაში” დაადანაშაულა.

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ ”ბიძინა ივანიშვილის განვლილი ცხოვრება არის ნიმუში იმისა, როგორი უნდა იყოს სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი”. კახი კალაძის გამოსვლაში ერთმა ემოციურმა, არაპოლიტიკურმა დეტალმაც გაიჟღერა: მან აღნიშნა, რომ მის მიერ ”ჩატარებულ თამაშებს შორის იყო ერთი, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. მართალია, ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ მაინც ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს.”

როცა ოვაციები ჩაწყნარდა, ბიძინა ივანიშვილის ლაივში ხილვით აღფრთოვანებული დამსწრეები დაშოშმინდნენ და ადგილები დაიკავეს, ტრიბუნასთან ადგილი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. მილიარდერმა, როგორც ჩანს, წინა საჯარო გამოსვლების მწარე გამოცდილება გაითვალისწინა და ბევრი არ ულაპარაკია: აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნება” დააფუძნებს რეგიონულ ოფისებს და მისი აზრით, ამ ოფისებმა ”ადგილობრივი საარჩევნო გარემო” უნდა გააუმჯობესონ.

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო 2008 წლის ომს რუსეთ-საქართველოს შორის, ოღონდ, მას მხოლოდ ”კონფლიქტი” უწოდა და განაცხადა, რომ ”საქართველოს ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა, კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა”. მან ხელისუფლება იმაშიც დაადანაშაულა, რომ ”სამშვიდობო პროცესები ვერ განავითარა” და დაამატა, რომ მას აღარ გააჩნია ”კონფლიქტების მოგვარების რესურსი.

ბიძინა ივანიშვილს არ უხსენებია რუსეთის აგრესია, სამაგიეროდ, ”კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე” ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილს არ უხსენებია ნატოს სამხედრო ალიანსის ბოლოდროინდელი გააქტიურება და დაინტერესება საქართველოთი. მეტიც, რაც კი უხსენებია ქართულ ოცნებად ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანება, სამაგიეროდ, ახსენა ”ევროპულ სტრუქტურებში ინტერგრაცია”.

ბიძინა ივანიშვილი შეეხო ”საქართველოში არსებულ უსამართლო საარჩევნო გარემოს”, მაგრამ ამ კონტექსტშიც კი არ უხსენებია რუსეთში ჩატარებული არჩევნების მასობრივი გაყალბება, რაზეც ბოლო დღეებში მთელი მსოფლიო საუბრობს. შეიძლება. ვინმე შემოგვედავოს, ქართულ რეალობაზე საუბრობდა და რუსეთზე რატომ ილაპარაკებდაო, მაგრამ როცა იმ ქვეყანასთან დიალოგზე საუბრობ, რომელსაც ”კონფლიქტების მოგვარება” უნდა მოჰყვეს და მის რეზონანსულ აწმყოზე არაფერს ამბობ, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც მოსაწონი არ არის პოლიტიკოსისთვის...

ბიძინა ივანიშვილის აზრით:

ქვეყანაში ნომენკლატურული კაპიტალიზმია გაბატონებული;

დემოგრაფიული მაჩვენებლები შემაშფოთებელია;

უმუშევრობა კატასტროფულ მასშტაბებს იღებს;

სოფელი გაპარტახდა;

ჯანდაცვაში არ განხორციელებულა არცერთი წარმატებული რეფორმა;

ადგილი აქვს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობას;

უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა;

ასი ათასობით ადამიანი სამშობლოდანაა გადახვეწილი;

რომ არა პატრიარქის სიბრძნე, სხვადასხვა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ.

ხელისუფლება რუსეთის აგრესიაზე აპელირებით ხსნის მასობრივ შპიონაჟს.

სიტყვის დასასრულს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

”მე არ ვაპირებ ახალი ისტორიის დაწერას 2011 წლიდან. ჩემი მიზანია, აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის, ისე რომ ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ ადამიანები, რომლებიც არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას ემსახურებოდნენ.”

როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი წარსულსა და მომავალს შორის ხიდის გადებას და რა ფორმის იქნება ეს ხიდი, ბუნდოვანი დარჩა, ისევე როგორც დღემდე ბუნდოვანია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთლიანობის აღდგენასა და რუსეთთან ”ურთიერთობის დალაგებას”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100