სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა მარგველაშვილთან ურთიერთობები გაწყვიტა - პირველი შეფასებები

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს. ექსპრემიერი გიორგი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია.

მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებებს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები პოლიტიკურ წრეებში.

უმცირესობა აცხადებს, რომ გაუგებრობის მიზეზი მარგველაშვილის დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებები გახდა, მმართველი გუნდი კი თვლის, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეზიდენტის საჯარო კრიტიკა დემოკრატიული მმართველობის შემადგენელი ნაწილია.

რატომ არის პრეზიდენტით იმედგაცრუებული ყოფილი პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. სამოქალაქო სექტორში წასული მთავრობის ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მარგველაშვილმა განსხვავებული თვისებები გამოავლინა და მასთან პოლემიკა ჰქონდა სხვადასხვა თემაზე. იყო გაუგებრობაც.

ირკვევა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის და ვანო მაჭავარიანის საკითხი გახდა. ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის მრჩეველს კონკრეტული ბრალდებებიც წაუყენა.

ექსპრემიერმა შეაფასა მთავრობის საქმიანობაც. მან განაცხადა, რომ კმაყოფილია ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობით. რაც შეეხება გურამ ოდიშარიას, საზოგადოებრივი მოძრაობა "მოქალაქის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ კულტურის უწყების ხელმძღვანელი არ არის ძალიან კარგი მინისტრი.

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" მისცა.

გიორგი მარგველაშვილს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. ბიძინა ივანიშვილს უკვე უპასუხა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ვანო მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ექსპრემიერს არასწორი ინფორმაცია გამიზნულად მიაწოდეს. ის ამბობს, რომ ივანიშვილს მასთან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, რაზეც მან უარი უთხრა. მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაურის განცხადებების მიზეზი რეალურად სწორედ ეს ფაქტი გახდა.

შეფასებებს აკეთებს მთავრობაც. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ივანიშვილი პირობას ასრულებს. მაია ფანჯიკიძემ დღეს ის განცხადებები გაიხსენა, რომელიც სამოქალაქო სექტორში წასვლის დროს ყოფილი პრემიერისგან ისმოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100