სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული მედიის ცნობით, დოკუ უმაროვი ახმეტაშია

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა დოკუ უმაროვის ადგილსამყოფელის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელეს. „ნიუსრუ“–ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურები ჩეჩენი მებრძოლების ლიდერის ზუსტი ადგილსამყოფელის ოფიციალურად დასახელებისაგან თავს იკავებენ, ჟურნალისტებმა ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლეს. რუსული მედია, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ეფ–ეს–ბე–ს თანამშრომელია, აცხადებს, რომ უმაროვი კახეთში, კერძოდ, ახმეტის რაიონში, სოფელ ომალოში იმალება. გამოცემის თანახმად, რუსებისთვის ეს ადგილი გიორგი დანელიას ლეგენდარული ფილმ „მიმინოდან“ არის ცნობილი.

თუ გავითვალისწინებთ რუსული მედიის თავისუფლების ხარისხს და ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად მოქმედების არეალს თუ რესურსებს, სპეცსამსახურების საიდუმლო წყაროს მიერ ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდება მაინც, სავარაუდოდ, დადგმული სცენარია. რუსები, რომლებიც ოფიციალურად ვერ ადასტურებენ უმაროვის ომალოში ყოფნის ფაქტს, ამ საშუალებით ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას. რუსული მედია აღნიშნავს, რომ უმაროვმა დისლოკაციის ადგილი სტრატეგიულად სწორად შეარჩია.

დოკუ უმაროვის საქართველოში გადმოსვლის შესახებ ხმები ორიოდე კვირის წინაც გავრცელდა. მაშინ რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უმაროვი პანკისის ხეობაში, სპეციალურად ჩეჩენი ტერორისტებისათვის განკუთვნილ საავამდყოფოში გადიოდა მკურნალობას. უფრო ადრე კი ეფ–ეს–ბე ჩეჩენი მებრძოლების ხელმძღვანელის თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში, საკუთარ ძმასთან გაქცევას ვარაუდობდა, თუმცა თურქმა სამართალდამცველებმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

როგორც ცნობილია, ინგუშეთში, სოფელ ზედა ალკუნთან სპეცოპერაციის შედეგად უმაროვის დაჯგუფების 19 წევრი, მათ შორის უმაროვის ექიმი და ერთ–ერთი ცოლიც იქნა ლიკვიდირებული. სპეცსამსახურები მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ თავად უმაროვიც გაანადგურეს. თუმცა, დე–ენ–ემ–ის ანალიზმა ეს ცნობა არ დაადასტურა. მოგვიანებით, თავად დაჯგუფების ლიდერიც გამოჩნდა და განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. მისი ახმეტაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ვრცელდება, თუმცა კონკრეტულად რა აქვთ ჩაფიქრებული რუსულ სპეცსამსახურებს, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100