ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს
დღეს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაიმართება.
ნაფიცი მსაჯულები, დავით რუსიშვილის მიერ, გასული წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალეულობას განიხილავენ და შესაბამის ვერდიქტს გამოუტანენ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.
ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და დავით რუსიშვილმა ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, რისთვისაც დავით რუსიშვილი და ივერი გოგბერაშვილი ზურაბ ტარყაშვილს იმ დღეს დილიდან უთვალთვალებდნენ.
გამოძიების მასალების მიხედვით, ლაღიძის ქუჩაზე, მის სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიიდან ზურა ტარყაშვილის გამოსვლა, ივერი გოგბერაშვილს ტელეფონით დავით რუსიშვილმა აცნობა, რის შემდეგაც მკვლელები რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულები მივიდნენ და რამდენიმე მიმართულებიდან დაედევნენ მას.
რუსიშვილის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, პირველი ტყვია ტარყაშვილს სწორედ მან ესროლა, ზურა ტარყაშვილი დაეცა, რის შემდეგაც მას ირაკლი აგლაძე მიუახლოვდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. ივერი გოგბერაშვილმა კი ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც მკვლელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგება იგი ნაფიც მსაჯულთა წინაშე.
უკრაინაში დააკავეს მკვლელობის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ივერი გოგბერაშვილი. ირაკლი აგლაძე კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. გამოძიება, პარალელურად, მკვლელობის სხვა თანამონაწილეების შესახებაც მუშაობს. უკვე არსებობენ სხვა ეჭვმიტანილებიც, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება.
კომენტარი