მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია
მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყვეტილია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებიან 36-ე საარჩევნო ოლქის (მარნეული) 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„აგრესიული ჯგუფი ცდილობდა საარჩევნო უბანზე ძალადობრივად შეღწევას, რის საშუალებაც პოლიცია არ აძლევდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა შორის არის ერთი მოქალაქე და ერთი პოლიციელიც. ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, დაზიანდა შენობა, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. უბანი, რომელშიც იმყოფებიან კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ამ დროისთვის დაკეტილია და მას პოლიცია იცავს.
„სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის დამკვირვებლების ადგილზე მისვლის დროს აქტივისტებს პოლიტიკური გაერთიანების - „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმართავდა. მოგვიანებით საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმაც. ამ ეტაპზე, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების გამოჩენის შედეგად შეკრებილმა მოქალაქეებმა უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. საარჩევნო უბანი დატოვეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმაც“, - განაცხადა ბენიძემ.
კომენტარი