სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამრაძემ 2008 წლის აგვისტოს ომი "ქართულ პროვოკაციად" მონათლა და ბობოხიძისგან მუშტი მიიღო

პარლამენტის დღევანდელ პლენალურ სხდომაზე დეპუტატები პეტრე მამრაძე და აკაკი ბობიხიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ .
როგორც ”ინტერპრესნიუსის” საპარლამენტო კორესპონდეტი იუწყება, დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე პეტრე მამრაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს "ქართული პროვოკაცია" უწოდა, რასაც აკაკი ბობოხიძის აღშფოთება მოჰყვა. მან მამრაძეს "ახვარი" უწოდა და სახეში ჩაარტყა.
ბობოხიძის დამშვიდება თავად საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა სცადეს. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ "პეტრე მამარაძეს სხვა გზა არ აქვს, რადგან მას რუსეთიდან დაურეკეს".

პარლამენტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უფრო დაწვრილებით წერს "პრესა.ჯი"–ს საპარლამენტო კორესპონდენტი, თეონა მანაგაძე სტატიაში : "რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს ხელი გაარტყა..." :

"ბობოხიძის გაღიზიანება მამრაძის განცხადებამ გამოიწვია. პეტრე მამრაძემ გამოსვლა აფხაზეთის ომის მიმოხილვით დაიწყო და განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა იყო”.

სწორედ, ამ შეფასების გამო გაბრაზდა ბობოხიძე. დეპუტატი პეტრე მამრაძესთან მივარდა და სახეში მოულოდნელად გაარტყა. მამრაძე ადგილზე გაშეშდა და გამოსვლა დროებით შეაჩერა. ბობოხიძემ მამრაძეს „ნაძირალა” და „ნაგავი” უწოდა.

„შე ნაძირალა და ნაგავო კაცო, შენ ლაპარაკობ პროვოკაციაზე? ნამუსი არ გაქვს ქართულ პროვოკაციაზე, შენ რომ აკეთებ აქცენტს?” - მიმართა ბობოხიძემ მამრაძეს.

ბობოხიძისა და მამრაძის დაპირისპირების გამო, სხდომათა დარბაზში ქაოსი დაიწყო. მამრაძის წინააღმდეგ გაიწია ასევე უმრავლესობის წევრმა ელდარ კვერნაძემაც. თუმცა, იგი მამრაძეს ფიზიკურად არ შეხებია.

პარლამენტში დაძაბულობა შედარებით მალე მოიხსნა და მამრაძემაც გამოსვლა გააგრძელა. თუმცა, მასთან ახლოს გვერდით ფრაქციის წევრი ჯონდი ბაღათურია სოლიდარობის ნიშნად დადგა. მამრაძემ გამოსვლა მალე დაასრულა და მის შემდეგ სიტყვით, აკაკი ბობოხიძე გამოვიდა.

მომხდარი ფაქტის გამო, ბობოხიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მისთვის დეპუტატის მანდატი ჩამოერთმია ან მსგავსი განცხადებების შემთხვევაში, მისი რეაქცია იგივე იქნებოდა.

„ჩემი აგრესიის გამო, თქვენ გიხდით ბოდიშს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ასე, თუ მომიწევდა გამოსვლა. მამრაძე იყო მომხრე იმისა, რომ საქართველოს მძიმე ტექნიკას სოხუმი დაეტოვებინა. რუსული გენერალიტეტი იყო მართალი, როდესაც ამბობდა, რომ სოხუმი მალე დაიკარგებოდა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ მაშინ, სოხუმში მძიმე ტექნიკა არ იყო დარჩენილი. თუმცა, მათ გამორჩათ ქართველი ბიჭების შემართება და სული. ქართველი ჯარები, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ერთი ტანკითა და ერთი საარტილერიო დანადგარით იბრძოდნენ.

პეტრეს სულიერი ლიდერი, რომელიც ახლა კრწანისში ზის, აცხადებდა, რომ თურმე, ქართული ჯარების გადაადგილებას ელცინს უთანხმდება. ხოდა, პეტრემ იმას მოჰკითხოს ის შედეგები, რაც ქვეყნაში მოხდა” - განაცხადა ბობოხიძემ.

უმრავლესობის წევრმა დავით ბაქრაძესაც მიმართა და კოლეგების მისამართითაც გააკეთა მოწოდება.

„სააკაშვილი ვისაც უნდა იმან აკრიტიკოს, მაგრამ ვერ ავიტან, რომ ვინმემ ქართულ ავანტიურაზე ისაუბროს. ან მომიხსენით დეპუტატის უფლებამოსილება, ან დღეს რაც მქონდა გადაწყვეტილი, იმას გავაკეთებ სხვა დროს. კოლეგებს ვაფრთხილებ ამ კუთხით აღარ ილაპარაკონ” - დასძინა ბობოხიძემ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100