სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცს, რომელიც დას მანქანით განზრახ დაეჯახა და დანით მოკლა, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

დის მკვლელობაში ბრალდებულ ძმას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საუბარია დანაშაულზე, რომელიც 2024 წლის 16 მაისს მოხდა:

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100