„ქართული პარტიის“ კოშმარული სიზმრები, ანუ „სასიამოვნო“ ძალადობა ქუჩაში
ორში ერთია: ან ლევან გაჩეჩილაძეს „ზაპოის“ შემდეგ კოშმარები სტანჯავს და ბრიფინგებზე ამ კოშმარებს ჰყვება, ან კიდევ, ამ პოლიტიკურმა ფიგურამ და „კინაღამ საქართველოს პრეზიდენტმა“ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ვერ ისწავლა. ან სულაც, ორივე ერთად.
„გრეჩიხას“ მორიგი, ბრიფინგზე გაცხადებული კოშმარი დღეს ასე იყო ფორმირებული:
„თბილისში მოხდა რამდენიმე ფაქტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვაგროვებთ. საუბარია შუა ქუჩაში, ძალის გამოყენებით ჩვენი აქტივისტებისთვის ნარკოტიკის გაკეთებაზე. არავის არაფერი არ შერჩება", - განმარტა ლევან გაჩეჩილაძემ“ (ინტერპრესნიუსი)
ნარკოლოგები და სამედიცინო სფეროს ის მუშაკები, რომლებსაც ალკოჰოლისტებისა და ნარკომანების სამკურნალო პროცესთან ჰქონიათ შეხება, ერთხმად განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირი, რომელიც რეგულარულად მოიხმარდა ალკოჰოლსა ან ნარკოტიკს (ან ორივეს ერთად) ერთის ან მეორის ზეგავლენისგან თავის დაღწევას დამოუკიდებლად, სამედიცინო ჩარევის გარეშე შეეცდება, მას ჰალუცინაციები სტანჯავს.
ალკოჰოლისტები ამას „ბელაია გარიაჩკას“ ეძახიან, ნარკომანები კი ე.წ. ლომკის თანმხლებ ნაწილად მიიჩნევენ. სიმპტომების ზოგადი აღწერა „ქართული პარტიის“ ლიდერის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე დასახელებულ „ფაქტებს“ ემთხვევა: მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფ პაციენტებიდან ნარკომანს ელანდება, რომ ზეაღმართული ერთჯერადი შპრიცით ხელში ვიღაც მისდევს, რათა ნარკოტიკი ძალით გაუკეთოს, ალკოჰოლისტი კი ხედავს ზმანებას, როგორ აძალებენ განსხვავებული სასმისებით ღვინოს ან არაყს...
პარალელებზე დიდხანს საუბარი, ალბათ, არ ღირს, უბრალოდ, დავამატებთ, რომ ასეთი უსუსური განცხადებების შემდეგ არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა გაუკვირდეს, თუ მასზე სარკაზმით ალაპარაკდებიან. ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, რომ თუ ასეთი ფაქტები მართლაც ხდება, მათი ვინაობა დასახელდეს, ვისზეც ასეთი სახით იძალადეს, ლევან გაჩეჩილაძეს კი არაფერი უთქვამს, იმის გარდა, რომ არავის არაფერი შერჩება.
სხვათა შორის, დღევანდელ ბრიფინგზე საგანგებო ყურადღება დაეთმო „ქართული პარტიის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს, კახა მიქაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდის ოფისის დაშლა უკანონო გზებით გადაწყვიტა და რომ უახლოეს დღეებში ოფისის თანამშრომლებისა და პარტიის სხვა წევრებისთვის ნარკოტიკების ჩადებას აპირებენ.
მოკლედ, „ქართული პარტიის“ წევრების მიერ დღევანდელ ბრიფინგზე დახატული სურათი რომ აღვწეროთ, გამოვა, რომ ქართველ პოლიციელებს სხვა საქმე არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ თბილისსა და ზუგდიდში „ოქროს“ თანამოაზრეებს სდიონ, „შუა ქუჩაში“ გამოიჭირონ, ნარკოტიკი ძალით გაუკეთონ და ამ სახის ძალადობისგან „სიამოვნების“ მიღება აიძულონ...
კომენტარი