სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

AT4 - გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

T4 არის 84 მილიმეტრიანი, უმართავი, პორტატული, ერთჯერადი, გლუვლულიანი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომელიც შეიქმნა შვედური კომპანიის Saab Bofors Dynamics-ის (ადრინდელი - Bofors Anti-Armour Systems-ი) მიერ. დღესდღეობით, AT4 ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია მთელს მსოფლიოში.

ყუმბარსატყორცნი ქვეითების შეიარაღებაში შედის და დაჯავშნული მანქანებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად ან დასაზიანებლად არის განკუთვნილი. AT4-ის ძირითად დანიშნულებაში არ შედის თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკებთან ბრძოლა, მისი შესაძლებლობები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან შეძლოს თანამედროვე ტანკების განადგურება, რომლებიც უახლესი თავდაცვითი სისტემებითა და ძალიან ძლიერი ჯავშნით არიან აღჭურვილნი და დაცულნი. ყუმბარსატყორცნი ერთჯერადი გამოყენებისაა. საბრძოლო მუხტი გამშვებ მილში ქარხნაშივე იდება, გასროლის შემდეგ კი გამშვებ მილს, როგორც წესი, უბრალოდ აგდებენ.

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი 74 მმ-იან Pansarskott m/68-ის გაუმჯობესების შედეგად შეიქმნა, რომელიც შვედეთის არმიის შეიარაღებაში 1960-იანი წლების ბოლოს მიიღეს. როგორც m/68, AT4-იც Försvarets Fabriksverk-ის (FFV) მიერ დაპროექტდა. 1976 წელს FFV-მ მოძველებული ყუმბარსატყორცნის m/68-ის შემცვლელის შემუშავება დაიწყო. შეიქმნა ყუმბარსატყორცნი, რომელიც არ იყო განკუთვნილი ძირითადი საბრძოლო ტანკების შუბლა ნაწილიდან გასანადგურებლად. AT4 დაპროექტდა, როგორც იარაღი, რომელსაც შეეძლო თავისუფლად გაენადურებინა მსუბუქად დაჯავშნული ჯავშანმანქანები და საშუალო ტანკები, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი კუთხით მოხვედრისას. ამასთანავე ყუმბარსატყორცნს თავისუფლად შეუძლია გახვრიტოს ძირითადი საბრძოლო ტანკები ბორტებიდან ან კორპუსის უკნიდან. FFV- ერთ-ერთი მთავარი მიზანი, იარაღის დაპროექტებისას, იყო ისიც, რომ ყუმბარსატყორცნი ძალიან ადვილად მოსახმარი და გამოსაყენებელი უნდა ყოფილიყო, ასევე მას უნდა ჰქონოდა გაცილებით უკეთესი სიზუსტე მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ, სხვა ადრნდელ ანალოგიური ტიპისა და დანიშნულების იარაღებთან შედარებით. AT4-ის შექმნისას ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ისიც, რომ მას არა მხოლოდ ჯავშანის გახვრეტის უნარი უნდა ჰქონოდა, არამედ ასევე უნდა შეენარჩუნებინა მომაკვდინებელი ეფექტი ჯავშნის გარღვევის შემდეგ. შვედეთის არმიამ AT4-ის პროტოტიპების შეფასებითი გამოცდები 1981 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. იარაღის ტესტირებამ 1982 წლის დასაწყისამდე გასტანა.

მანამ, სანამ AT4-ს შვედეთის არმია აითვისებდა, იარაღი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში მიიღეს. ყუმბარსატყორცნმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის კონგრესის მანდატით მოძველებული M72 LAW-ს ჩასანაცვლებლად გამოცხადებულ კონკურსში, 1982 წელს, მაშინ, როდესაც FGR-17 Viper-მა ვერ დააკმაყოფილა წაყენებული პირობები. 1983 წელს ამერიკის არმიამ სულ ექვსი დასახელების ყუმბარსატყორცნი გამოცადა, ესენი იყო: ბრიტანული LAW 80-ი, გერმანული Armbrust-ი, ფრანგული APILAS-ი, ნორვეგიული M72E4 (რომელიც M72 LAW-ს გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა), ამერიკული Viper-ი და შვედური AT4. 1983 წლის ნოემბერში არმიამ შეატყობინა კონგრესს, რომ FFV AT4 თავისი მონაცემებით ყველაზე ახლოს იყო იმ წამოყენებულ პირობებთან, რომელიც M72 LAW-ს შემცვლელ ყუმბარმტყორცნს უნდა ჰქონოდა. ასევე მოწონებული იქნა გერმანული Armbrust-ი და ის AT4-ის შემდეგ მეორე მისაღებ ვარიანტად დასახელდა.

მცირედი მოდიფიცირების შემდეგ AT4 ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში მიიღეს, როგორც მსუბუქწონიანი მრავალმხრივი იარაღი M136 ( Lightweight Multipurpose Weapon M136). ამერიკელებს მიერ მოდერნიზებული ყუმბარსატყორცნი შვედეთის არმიამაც მიიღო შეიარაღებაში, შვედეთში AT4-ს სახელწოდება Pansarskott m/86 (Pskott m/86) მიენიჭა. შვდებმა იარაღს, გამშვები მილის წინა მხარეს, დამატებითი სახელური დაუმატეს, რამაც ის გაცილებით სტაბილური გახადა სროლის დროს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც იარაღს ფეხზე მდგარი ჯარისკაცი ისვრის. დამატებითი სახელური არის ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი, რაც შვედურ და ამერიკულ AT4-ებს ერთმანეთისაგან განასხვავებს.

ყუმბარსატყორცნის სიგრძე 101.6 სანტიმეტრია, მისი წონა 6.7 კილოგამს უდრის, ხოლო სროლის ეფექტური მანძილი დაახლოებით 300 მეტრია წერტილოვანი სამიზნის შემთხვევაში, ხოლო ჯგუფური სამიზნეების წინააღმდეგ AT4-ის გამოყენება 500 მეტრის სიშორეზეც ეფექტურადაა შესაძლებელი. ყუმბარის სიჩქარე 285 მეტრს აღწევს წამში. AT4-ის ჯავშანშეღწევადობა ყუმბარის ტიპზეა დამოკიდებული და მაქსიმალურ 500-600 მილიმეტრს უდრის. დღევანდელი მონაცემებით ყუმბარსატყორცნის 600 000 ერთეულზე მეტია წარმოებული.

იმის გამო, რომ ურბანულ პირობებში ბრძოლა ამერიკის არმიას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად უწევს, ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ AT4-ის სტანდარტული ვარიანტის ნაცვლად AT4 CS-ის ტიპის ვერსები შეუკვეთა. ყუმბარსატყორცნის დასახელებაში ინიციალები "CS" იშიფრება, როგორც "confined space", ანუ „შეზღუდული სივრცე“. აქედან გამომდინარე იარაღის ეს მოდიფიკაცია განკუთვნილია ურბანულ პირობებში გამოსაყენებლად.

გასროლის დაბალი ღირებულებით AT4 შესაძლოა შევადაროთ Carl Gustav-ის ტიპის მრავლალჯერად ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. AT4-ის დიზაინის მრავალი მახასიათებელი „კარლ გუსტავიდან“ არის აღებული. AT4-ში, ისევე, როგორც „კარლ გუსტავში“ რეაქტიული ყუმბარის ლულიდან გასროლისას წვის შედეგად გამოყოფილი გაზები გამშვები მილის უკანიდან გადის, რის შედეგადაც ყუმბარსატყორცნის თითქმის საერთოდ არა აქვს უკუცმა. მაგრამ „კარლ გუსტავისაგან“ განსხვავებით, რომლის კუთხვილულიანი გამშვები მილი ფოლადისაგანაა დამზადებული და, შესაბამისად, უფრო მძიმეცაა და უფრო ძვირიც, AT4-ის გამშვებ მილი გლუვლულიანია და პლასტიკური ნივთიერებებისაგან არის დამზადებული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის საწარმოო ფასებს.

უუკუგორებო დიზაინის მთავარი ნაკლი მდებარეობს იმაში, რომ ყუმბარსატყორცნის გასროლისას გამოყოფილი დამწვარი აირები მაღალი წნევით გაიტყორცნება იარაღის უკან და მომაკვდინებელ ძალას რამდენიმე ათეულ მეტრზეც კი ინარჩუნებს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც გამოყოფილი აირების ზემოქმედების შედეგად იარაღის უკან მყოფი პირები ძლიერი დამწვრობას ღებულობენ, ან მაღალი წნევის შედეგად შავდებიან და სხვადასხვა ტრამვას იღებენ, რასაც ზოგჯერ მათი გარდაცვალებაც მოჰყვება. ამას გარდა უკან გასულმა ალმა შესაძლოა გასცეს მსროლელის პოზიცია და ის მოწყვლადი გახადოს მტრისათვის.

ეს პრობლემა გადაჭრილია AT4-CS-ის ვერსიაში. ყუმბარსატყორცნის ამ ვერსიაში მარილიანი წყლის მასა გამოიყენება. ის გამშვები მილის უკანა მხარესაა განთავსებული. მარილის წყალხსნარი რადიკალურად ამცირებს გასროლისას გამოყოფილ ტალღის წნევას, რაც იარაღის ოთახიდან გასროლის საშუალებასაც კი იძლევა.

გასროლის შემდეგ AT4 უვარგისი ხდება. „კარლ გუსტავისაგან“ განსხვავებით, AT4-ის გამშვები მილი მხოლოდ ერთ გასროლაზეა გათვლილი, იარაღი არ არის მრავალჯერადი და შეუძლებელია მისი ხელმეორედ დატენვა. ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნზე შესაძლებელია ღამის ხედვის ოპტიკური ხელსაწყოს დამონტაჟება.

AT4 საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია და ის არ მოითხოვს მსროლელთა ხანგრძლივ გადამზადებას. იმის გამო, რომ ყუმბარმტყორცნელების მომზადებისას გასროლილი თითოეული ყუმბარა სახელმწიფოს საკმაოდ დიდი თანხა უჯდება და საერთო ჯამში ძალიან ძვირიც გამოდის. სწორედ ამის გამო შექმნილია იარაღის ვერსია, რომელიც ყუმბარის ნაცვლად 9 მილიმეტიანი ტყვიით ან 20 მილიმეტრიანი ჭურვით იტენება. ორივე შემთხვევაში ტყვიაც და ჭურვიც ტრასირებადია და ორივე მათგანის ტრაექტორია აბსოლუტურად იდენტურია ჩვეულებრივი AT4-დან გასროლილი ყუმბარის ტრაექტორიისა. აქედან გამომდინარე მსროლელთა მომზადება გაცილებით ნაკლები დანახარჯით ხდება. 20 მილიმეტრიან ვერსიას ასევე აქვს ნამდვილთან აბსოლუტურად მსგავსი ხმისა და დამწვარი აირების გამოყოფის ეფექტი, რაც გაცილებით რეალურს ხდის მას.

Army.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100